თბილისი (GBC) – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კონსოლიდირებულ ტენდერს შპს „თეგეტა რითეილი“ ლიდერობს.
ტენდერში წინადადებების მიღება 1 მარტს დასრულდა და „თეგეტა რითეილი“ ერთადერთი კანდიდატი იყო.
ტენდერი მოიცავს 1.1 მლნ ლარის ღირებულების მსუბუქი ტვირთგამწე ავტომობილების 3898 ერთეული საბურავის შეძენას (ერთეულის ფასი საშუალოდ 358 ლარი).
შემსყიდველ ორგანიზაციებს წარმოადგენენ : გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სხვა.
საბურავების მიწოდება (სერვის ცენტრიდან გაცემა ან შემსყიდველის „საწყობში“ მიტანა) უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, 2023 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.
მიმწოდებელი ვალდებულია საბურავების გაცემა (დემონტაჟი, მონტაჟი ბალანსირება) განახორციელოს სავალდებულოდ შემდეგ ქალაქებში ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 15 კმ-ის რადიუსში (გარდა ქ. თბილისისა) განთავსებულ სერვის-ცენტრებში: თბილისი ,ქუთაისი,ბათუმი,თელავი,ზუგდიდი, ახალციხე.
ტენდერის მოთხოვნების მიხედვით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ბოლო 2 წლის განმავლობაში, უნდა გააჩნდეს წინამდებარე ტენდერის სავარაუდო ღირებულების ნახევრის საბურავების მიწოდების გამოცდილება.
„თეგეტა რითეილი“ დარეგისტრირებულია 2020 წელს და მისი 100% წილის მფლობელი „თეგეტა მოტორსია“,ხოლო საბოლოო მაკონტროლებელი მხარე თემურ კოხოძეა.
კომპანია წარმოადგენს იმპორტირებული პროდუქტების საცალო მოვაჭრეს, საცალო ვაჭრობის, კორპორატიული და სამთავრობო არხებით. ტენდერების მონიტორის მიხედვით, კომპანიას 4106 კონსოლიდირებული შესყიდვა აქვს განხორციელებული, რომელთა საერთო ღირებულება 15.7 მლნ ლარია.