თბილისი (GBC) – ვირტუალური ზონის პირის (ვზპ) სტატუსის მქონე კომპანიებისთვის საქართველოში საგადასახადო შეღავათების დაწესების შემდეგ (2011 წლის იანვრიდან) ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი გადასახადების დინამიკა წლიდან წლამდე მკვეთრად იზრდება, რაც ცალსახად მიუთითებს ამ ინდუსტრიის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, მიუხედავად იმ ფინანსური დარტყმისა, რაც მან მიიღო სახელმწიფო საფინანსო უწყებების მხრიდან 2020 წელს შეცვლილი საგადასახადო დაბეგვრის პოლიტიკის გამო. 

კერძოდ, ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი მონაცემების თანახმად, თუ საგადასახადო შეღავათების დაწესებიდან პირველ წელს (2011 წ.) ბიუჯეტში ამ კომპანიების მიერ გადახდილმა გადასახადებმა 2,225,000 ლარს გადააჭარბა, ეს მონაცემი 2022 წელს 70 მლნ ლარს ასცდა.

„ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და
პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ეფექტიანობაზე უფრო დეტალური სტატისტიკა მკაფიოდ მიგვანიშნებს.

კერძოდ, 2011–2020 წლებში ამ ინდუსტრიის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების დინამიკა შემდეგია:

წყარო: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

ცხრილიდან როგორც ჩანს, საგადასახადო შეღავათების დაწესების შემდეგ ვზპ IT–სექტორიდან საბიუჯეტო შემოსავლები თითქმის მუდმივად იზრდება. კერძოდ, 2012 წელს, წინა წელთან შედარებით, ამ კომპანიების მიერ ბიუჯეტში შეტანილი გადასახადები 35,1%–ით არის გაზრდილი, 2013 წელს – 14%–ით, 2014 წელს მკვეთრად გაიზარდა შემოსავლები და 139,8% შეადგინა. 2015 წელს ზრდამ 41,5% შეადგინა, 2016 და 2017 წლებში ეს მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა 18 წელს ზრდას დაუბრუნდა და წინა წელთან შედარებით 41,5%–ით გაიზარდა.

ვზპ–კომპანიების გადასახადების მოცულობა სულ სხვა სიმაღლეზე ადის 2019 წელს და ზრდამ 270,7% აჩვენა. დინამიკა შენარჩუნდა პანდემიურ 2020–იც და წინა წელთან შედარებით ზრდამ 1,6% შეადგინა.

ცხრილში თუ დავაკვირდებით საშემოსავლო გადასახადების მოცულობებს წლიდან წლამდე, ვხედავთ, თუ როგორი ტემპით იზრდება ვირტუალური ზონის პირების მიერ გადახდილი ხელფასების მოცულობა საქართველოში. ეს კი პირდაპირ მიანიშნებს ამ ინდუსტრიის მნიშვნელოვან კონტრიბუციაზე საქართველოს ეკონომიკაში.

სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო დახვეწს საკანონმდებლო ბაზას, რაც უწყებებს მანიპულირების შესაძლებლობებს შეუკვეცავს, კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო კომპანია დაიდებს ბინას საქართველოს ბაზარზე, რაც როგორც დარგის, ისე მთლიანად ეკონომიკის ზრდა–განვითარებას შეუწყობს ხელს.

აღნიშნული საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ბოლო წლებში კომპანიები, რომლებსაც ვირტუალური სივრცის სტატუსი აქვთ, კანონმდებლობაში არსებული ბუნდოვანების გამო დააჯარიმეს. ამ თანხამ რამდენიმე მილიონი შეადგინა.

ამ ინდუსტრიის მოთამაშეთა ინტერესების დამცველ ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში აქტიური თანამშრომლობა დაიწყეს სახელმწიფო უწყებებთან, ხოლო სადავო საკითხებს რაც შეეხება, ზოგიერთი მათგანი სასამართლოს განხილვის საგანი გახდა.

ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის ხელმძღვანელი შორენა კოპალეიშვილი GBC-სთან საუბარში მიიჩნევს, რომ ამ ინდუსტრიის ხელშეწყობა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, რაც ყველა მიმართულებით შეუწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას.

„საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება და ამ ინდუსტრიის ხელშეწყობა უნდა გახდეს ერთ ერთი პრიორიტეტული მიმართულება სახელმწიფოსთვის, რადგან ეს მიმართულება გავლენას ახდენს თითქმის ყველა სამუშაო მიმართულებაზე, ამას ადასტურებს ის ციფრები რაც მიმოიხილეთ ზემოთ. დღესდღეობით თითქმის ყველაფერი მუშაობს ინფორმაციული ტექნოლოგიების დახმარებით და თითქმის ყველა ინდუსტრია აცნობიერებს ინფორმაციული ტექნოლოგიების მნიშვნელობას: ბიზნესი, განათლება, ფინანსები, ჯანდაცვა და სხვა. IT სერვისები აუცილებელია ნებისმიერი ორგანიზაციისთვის პროდუქტიულობის გაზრდის, ბიზნესის წარმოების გასამარტივებლად და დღევანდელ კონკურენტულ სამყაროში ეფექტური ეკონომიური ზრდისთვის.

შესაბამისად საკანონმდებლო, საგადასახადო საკითხების დარეგულირება, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა არის სახელმწიფოს პრეროგატივა, ხოლო კერძო პირის ფუნდამენტურ ვალდებულება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის გადაიხადოს გადასახადი. ეს არის საჯარო ხასიათის ურთიერთობა გადასახადის გადამხდელსა და სახელმწიფოს შორის, სადაც სახელმწიფო არის დომინანტი. საგადასახადო საკითხებში სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლების დომინანტის როლის გათვალისწინებით საკანონმდებლო ორგანომ უნდა შექმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა სადაც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან ერთად ეკონომიკური კრიტერიუმები იქნება ამოსავალი წერტილი“, – ამბობს შორენა კოპალეიშვილი.