თბილისი (GBC) - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ვლადიმერ ტატიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.

„მე მინდა ბატონ ლადოს მადლობა გადავუხადო, ნაყოფიერად ვითანამშრომლეთ. ეს მისი გადაწყვეტილებაა. მართალი გითხრათ მოულოდნელი არ იყო, ნოემბერში ახალი არჩევნები იყო დანიშნული და როდესაც არჩევნები დაინიშნა, ალბათ მაშინ მიიღო ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ასევე, სამეურვეო საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, ვლადიმერ ტატიშვილის პირველი მოადგილის, ეკატერინე შანიძეს დანიშვნას.

ვლადიმერ ტატიშვილი აჭარის ტელევიზიის დირექტორად სამწლიანი ვადით 2022 წლის 11 ნოემბერს აირჩიეს. მაღლაფერიძის თქმით, აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოვალეობას აჭარის ტელევიზიის დირექტორის პირველი მოადგილე, ეკატერინე შანიძე შეასრულებს.

ინფორმაციისთვის, მომავალი დირექტორის შესარჩევად კონკურსი წინმსწრებად, 13 აგვისტოს, გამოცხადდა.