თბილისი (GBC) - ISET Policy Institute–ის კვლევის თანახმად, 2024 წლის III კვარტალისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2.8 პუნქტით შემცირდა და 13.6-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება მშენებლობის (-12.5) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.

ISET Policy Institute–ის ინფორმაციით, რაც შეეხება მიმდინარე მდგომარეობის ინდექსს, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტალის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2024 წლის II კვარტალთან შედარებით 3.6 პუნქტით გაიზარდა და 2024 წლის III კვარტალისთვის 12.8-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება მშენებლობის (18.2) და სოფლის მეურნეობის (10.0) სექტორებში დაფიქსირდა.

ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 22.5 პუნქტამდე შემცირდა. 2024 წლის III კვარტალისთვის მოლოდინების საგრძნობი შემცირება დაფიქსირდა მშენებლობის (-25.0) და მომსახურების (-23.3) სექტორებში.

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი მცირედით, 1.1-ით გაიზარდა და 20.7 პუნქტს მიაღწია. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასის მატებას საკუთარ პროდუქტზე, მცირედით გაიზარდა.