თბილისი (GBC) - ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2024 წელს რთველის სუბსიდირების პროგრამიდან შესყიდული ყურძნის გადასამუშავებლად  8.97 მილიონი ლარის შესყიდვა განხორციელდა, საიდანაც 5.5 მილიონამდე მილიონი ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ ან ქართული ოცნების შემომწირველ კომპანიებს გადაეცათ. 

რთველის სუბსიდირება საქართველოში უკვე 17 წელია ხორციელდება. რთველის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო. გადაწყვეტილების თავდაპირველი მიზანი რუსული ემბარგოს უარყოფითი ზეგავლენის შერბილება და მევენახეობისა და მეღვინეობის დარგების წახალისება იყო, თუმცა როგორც ჩანს სუბსიდირების პროგრამამ დროთა განმავლობაში დამატებითი მიზნები შეიძინა, მათ შორის როგორიც არის ხელისუფლების მხარდამჭერთა და ან დაახლოებულ პირთა ბიზნესის ხელშეწყობა.

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, გასული წლების მსგავსად, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 14 ივნისის #873 განკარგულების მე-6 პუნქტის საფუძველზე ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მმართველობაში მყოფ შპს “მოსავლის მართვის კომპანიას’’დაევალა 2024 წლის რთველის პერიოდში ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარება. აღნიშნული გულისხმობს, როგორც კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და აჭარის რეგიონში შპს ,,მოსავლის მართვის კომპანიის’’ მიერ კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესყიდვას, გადამუშავებას, დასაწყობებასა და შენახვას.

2024 წელს ღვინის სუბსიდირების პროგრამისთვის 85 მილიონი ლარი იყო გათალისწინებული. საიდანაც 35 მილიონი რქაწითლის შესყიდვას, ხოლო 50 მილიონი ბაზარზე დარჩენილი ყურძნის შესყიდვას უნდა მოხმარებოდა. ყურძნის შესყიდვის შემდეგ მეორე ეტაპი, ყურძნის გადამუშავება იწყება. ამ მომსახურებას მიღების მიზნით მოსავლის მართვის კომპანია ყოველწლიურად აფორმებს კომპანიებთან გამარტივებული შესყიდვის წესით ხელშეკრულებებს.

სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს ჩვენი ინტერესის სფეროს. შესყიდული ყურძნის გადამუშავების და სპირტად გამოხდის მომსახურების მიღების მიზნით მოსავლის მართვის კომპანიამ ჯამში 35 გამარტივებული შესყიდვა განახორციელა 23 კომპანიასთან.

35 შესყიდვიდან 20 შესყიდვა (ჯამში 23-დან 11 კომპანია) გაფორმდა კომპანიებთან, რომელთა დირექტორი ან/და მესაკუთრეები ქართული ოცნების შემომწირველები ან ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირები არიან. მსგავსი სურათი ფიქსირებოდა გასულ წლებშიც, რაზეც ფლანგვის დეტექტორი ადრეც წერდა.

2024 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით თანხები ღვინის გადასამუშავებლად შპს უნივერსალ სპირტმა მიიღო. მასთან საერთო ჯამში 1.7 მილიონი ლარი ღირებულების 2 ხელშეკრულება გაფორმდა. შპს უნივერსალ სპირტის 100% მესაკუთრე შპს სპირტსახდელების გაერთიანებაა, რომლის 50% მესაკუთრე რუსეთის და საქართველოს მოქალაქე და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშილის ბიზნესპარტნიორი ვახტანგ კარიჭაშვილია, 20%-ის მესაკუთრე ასევე რუსეთის და საქართველოს მოქალაქე გიორგი ღამბაშიძე. აღსანიშნავია, რომ ვახტანგ კარიჭაშვილი უკრაინის მიერ არის დასანქცირებული.

თუმცა, შპს უნივერსალ სპირტი ვახტანგ კარიჭაშვილის ერთადერთი კომპანია არ არის, რომელმაც თანხები მიიღო ბიუჯეტიდან 2024 რთველის ფარგლებში. 480,000 ლარი მიიღო კომპანია შპს მეღვინეობა კაჭრეთმა. კომპანიის 100% წილების მესაკუთრე შპს მილადა ინტერნეშინელია, თავის მხრივ მისი 100% მესაკუთრე კი ვახტანგ კარიჭაშვილი.

2024 წელს ვახტანგ კარიჭაშვილის კიდევ ერთი კომპანია მოხვდა შესყიდვების სიაში. მოსავლის მართვის კომპანიამ 150,000 ლარიანი კონტრაქტი გააფორმა შპს Bolero & Company-სთან, რომლის 100% მესაკუთრე ასევე ვახტანგ კარიჭაშვილია.

სიაში მოხვდა, ვახტანგ კარიჟაშვილის მე-4 კომპანიაც შპს გრუზვინპრომი. კომპანიის 100% მესაკუთრე შპს Bolero & Company არის, რომლის 100% მესაკუთრე თავის მხრივ ვახტანგ კარიჭაშვილია.

საერთო ჯამში ვახტანგ კარიჭაშვილის 4-მა კომპანიამ 2024 წელს ყურძნის გადამუშავების მომსახურების ფარგლებში ყველაზე მეტი 3 220 000 ლარი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

სიაში მოხვდნენ ქართული ოცნების შემომწირველი კომპანიებიც, რომელთა სიაც და მიღებული თანხები ასე გამოიყურება:

  • სს თელავის ღვინის მარანი – კომპანიამ 181 000 ლარი მიიღო. ქართული ოცნების შემომწირველია კომპანიის დირექტორი ზურაბ რამაზაშვილი, რომელმაც 2017-2023 წლების განმავლობაში  ოცნებას ჯამში 150 000 ლარი შესწირა. 
  • შპს ბარაკონი – 35 000 ლარი მიიღო. კომპანიის 34% მესაკუთრემ ვაჟა ღვალაძე ქართულ ოცნებას 2020 წელს 60 000 ლარი შესწირა, ხოლო კიდევ ერთმა მესაკუთრემ დავით თოფურიძემ 2018 წელს ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს შესწირა 50 000 ლარი. 
  • შპს ბერიკა – კომპანიის ორივე მესაკუთრე მამუკა გვალია და ლაშა რევაზიშვილი ქართული ოცნების შემომწირველია. მათ ჯამში ოცნება 41 400 ლარი შეწირეს. აღსანიშნავია, რომ თითოეულმა 20 000 ლარი შეწინა 2024 წლის 6 სექტემბერს. მოსავლის მართვის კომპანიამ მათთან ხელშეკრულებას ხელი  მომდევნო დღეს  7 სექტემბერს მოაწერა. ამ ხელშეკრულების შედეგად კომპანიამ 180 000 ლარი მიიღო. 
  • შპს ყვარლის სარდაფი – ქართული ოცნების შემომწირველია კომპანიის დირექტორი ვაჟა ღვალაძე. მან ოცნებას 2020 წელს 60 000 ლარი შესწირა. კომპანიამ 2024 წელს ყურძნის გადამუშავებისთვის 1 360 000 ლარი მიიღო. 
  • შპს შალვინო – კომპანიის მესაკუთრეებმა შალვა და ლევან გვარამაძეებმა ოცნებას 2020 წელს ჯამში 30 000 ლარი შეწირეს. კომპანიამ ყურძნის გადამუშავებისთვის 90 000 ლარი მიიღო.
  • შპს წინანდალი – XXI საუკუნის საუკეთესო ღვინოები – კომპანიის 100% მესაკუთრე ზაზა ბახტურიძემ ოცნებას 2020 წელს 40 000 ლარი შესწირა. კომპანიამ ღვინის გადამუშავებისთვის 2024 წელს 421 000 ლარი მიიღო. 
    გარდა იმისა, რომ გამარტივებულ შესყიდვებს/პირდაპირი შესყიდვის წესით

მოსავლის მართვის კომპანია ხშირ შემთხვევაში ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ ან ოცნების შემომწირველ კომპანიებს უფორმებს, აღსანიშნავია ისიც რომ ამ კომპანიების ნაწილის ღვინის გაყიდვების ძირითად ბაზარს რუსეთი წარმოადგენს. მაგალითად, შპს Bolero & Company ფინანსურ ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული, რომ კომპანიის შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გენერირდება პროდუქციის რუსეთის ბაზარზე რეალიზაციით.

აღსანიშნავია, ისიც, რომ 2006 წელს დაწესებული ემბარგოს შემდეგ საქართველოს რუსეთზე ფინანსური დამოკიდებულების მაჩვენებელი ეპატობრივად მცირდებოდა. საქართველომ ბაზრის დივერსიციკაცია დაიწყო და სანდო, სტაბილურ, არამტრულ ბაზარზე ცდილობდა ღვინის გატანას, მათ შორის ევროპა, ამერიკა, იაპონია, ჩინეთი… თუმცა, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომი ტენდენციები აჩვენებს, რომ 2012 წლიდან რუსეთზე ფინანსური დამოკიდებულება კვლავ იზრდება, ისევე როგორც გაზრდილია რუსეთში ღვინის ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში.

მიუხედავად, იმისა, რომ როგორც ეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებშია (მაგ. 2023 წლის ანგარიში) მითითებული ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის, ექსპორტის ზრდის, პოპულარიზაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით ყოველწლიურად გარკვეული ღონისძიებები ტარდება, როგორიც მათ შორის გამოფენებში მონაწილეობის მიღება, სარეკლამო კამპანიებია. თუმცა, მეორეს მხრივ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სარგებელს ოცნებასთან დაახლოებული კომპანიები იღებენ, რომელთა ნაწილი შემოსავალის დიდ ნაწილს სწორედ რომ ღვინის რუსეთში ექსპორტით იღებენ.

წყარო: რთველი 2024 შესყიდვების სია.