თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკის გამოკითხვის შედეგების თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, იანვარში, დეკემბერთან შედარებით, ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები მომატებულია. ერთი მხრივ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებში ფიქრობენ. მეორე მხრივ, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას ზრდის უფრო დაბალ ინტერვალში, 0%-2%-ის ფარგლებში, ელოდებიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, იანვარში დეკემბერთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. ერთი მხრივ, დეკემბერთან შედარებით, მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ზრდის ფარგლებში ელოდებიან. მეორე მხრივ, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 2%-4%-ის და 4-6% ფარგლებში ელოდებიან.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, იანვარში დეკემბერთან შედარებით დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 8%-ზე მეტად ელოდებიან. ამავე დროს მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალ ინტერვალში, 4%-6%- ის ფარგლებში ელოდებიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, იანვარში დეკემბერთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10%-20%-ის ფარგლებში ელოდებიან. ამავე დროს, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას -10%-0%-ის ფარგლებში ფიქრობენ.

გამოკითხულთა აზრით, იანვარში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) დეკემბერთან შედარებით გაზრდილია.