თბილისი (GBC) – „ქართულმა ოცნებამ“ სამი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც იქმნება სამოქალაქო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დასაფინანსებლად სსიპ „სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო“. კანონპროექტი 80 ხმით მიიღეს. წინააღმდეგი არავინ იყო.
აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, სსიპ-ის მიზანი იქნება საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, გრანტების გაცემა, რომლის თანახმად სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო გრანტებს გასცემს შემდეგ მიმართულებებზე:
- განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად გრანტების გაცემა;
- სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა;
- სამეცნიერო გრანტების გაცემა;
- ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემა;
- ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა;
- დასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემა;
- იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებისადმი დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის
- მიზნით მათთვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გრანტების გაცემა;
- საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის მიზნით და საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების უზრუნველსაყოფად გრანტების გაცემა;
- საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობა;
- საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისთვის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების სფეროებში, ბუნებრივი და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კატასტროფების შედეგების აღმოფხვრაში დახმარების გაწევა;
- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;
- საზოგადოებრივი ორგანიზაციის მხარდაჭერა.
"ქართლი ოცნების" მიერ მიღებულ კანონს ემატება ნორმა, რომლის მიხედვით აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიულ პირის ხელმძღვანელს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის მიზნებისთვის ექნება, როგორც ნორმატიული ხასიათის, ასევე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება.
კანონპროექტის მიხედვით, სააგენტოში დასაქმდება, დაახლოებით, 10 პირი. სააგენტოს წლიური სახელფასო ფონდის ოდენობა სააგენტოს შექმნის შემდეგ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრება.
რაც შეეხება სააგენტოს დაფინანსებას, კანონპროექტში წერია, რომ 2025 წლის ბიუჯეტიდან „სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერისთვის“ გამოყოფილი 20 მილიონი ლარი მოხმარდება სააგენტოს შექმნას და მის ფუნქციონირებას, ასევე გრანტის სახით გასაცემი თანხების დაფინანსებას.