თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 7.2%-იანი მატება.
2024 წლის დეკემბერთან შედარებით ფასები 3.8%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.24 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. საქსტატის მტკიცებით, ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.9%), რამაც 0.69 პ.პ შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (0.7%) და ძირითად ქიმიურ ნივთიერებებზე და ქიმიურ პროდუქტებზე (5.2%). გარდა ამისა, ფასების 5.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.55 პ.პ შეადგინა.
12 -თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
- სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 24.1%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.36 პ.პ-ით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (28%);
- დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 6.1%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4.89 პ.პ-ით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სასმელებზე (8.8%) და ძირითად ლითონებზე (14.9%);
- ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 8%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.87 პ.პ-ით იქონია გავლენა;
- წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 2.5%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.06 პ.პ-ით იქონია გავლენა