თბილისი (GBC) - თბილისის მერიის ცნობით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე ორი სადგური აშენდება. კახა კალაძემ 24 სექტემბერს თქვა, რომ როგორც „ახმეტელის თეატრის“, ისე „ვარკეთილის“ მეტროსადგურზე განხორციელდება ახალი პროექტი, რაც შესაძლებელს გახდის მეტროს ხაზი ორივე მიმართულებით დაგრძელდეს.
კალაძეს არ დაუკონკრეტებია როდის უნდა განხორციელდეს ეს პროექტი.
„როგორც „ახმეტელის თეატრის“, ისე „ვარკეთილის“ მეტროსადგურზე განხორციელდება ახალი პროექტი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პირველ ხაზზე თითო სადგურით, ორივე მიმართულებით დავაგრძელოთ აღნიშნული მეტრო.
კერძოდ, ვარკეთილის მიმართულებით, პერსპექტიული დაგრძელების ჯამური სირგძე იქნება 1,2 კმ. ახალი მეტროსადგური დილის პიკის საათში მიიზიდავს 4 500 მგზავრს. მაგალითისთვის, „ჰუალინგიდან“ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმართულებით დღიური მინიმალური მგზავრთნაკადია 66 000 ადამიანი, რომელთა ნაწილიც შეძლებს, გადანაწილდეს და გამოიყენოს ახალი სადგური“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, გლდანის მიმართულებით პერსპექტიული ხაზი დაგრძელდება 1.1 კმ-ით. მერია ამბობს, რომ დილის პიკის საათში ახალი სადგური მიიზიდავს 5 500 მგზავრს.
„უკვე ჩატარებული კვლევების მონაცემებით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ გადამსხდომ მგზავრთა რაოდენობა დილის პიკის საათში შემცირდება 4 460 მგზავრით, ხოლო ზოგადად, გლდანის რაიონიდან მგზავრთნაკადი 1 100-ით მოიმატებს. აღსანიშნავია, რომ ორივე საპროექტო სადგურის შემთხვევაში, საგრძნობლად შემცირდება იმ მგზავრთა რაოდენობა, რომელსაც „სადგურის მოედნამდე“ მისასვლელად სჭირდებოდა ორჯერ გადაჯდომა. ამასთან, შემცირდება მათი მგზავრობის საერთო დრო – თითქმის 20 წუთით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისი მერის განმარტებით, პროექტი გააუმჯობესებს საფეხმავლო და ზოგად მისაწვდომობას, მეტროსადგურების უახლოესი უბნები მიზიდულობის წერტილებად იქცევა და გაიზრდება ეკონომიკური აქტივობა.