თბილისი (GBC) - დამატებით 7 საარჩევნო უბანი შეიქმნება უცხოეთში. ამის შესახებ, ცესკოს სხდომაზე მიღებული დადგენილებით დღეს, 11 ოქტომბერს გახდა ცნობილი. საარჩევნო უბნები გაიხსნება: ნიუ-იორკში, ბერლინში, ბარსელონაში, რომში, ათენში, სალონიკში და პარიზში.

ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის თქმით, 2024 წელს, არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს, 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი მოემსახურება საქართველოს მოქალაქეებს.

საკითხის განხილვისას ცესკოს ოპოზიციონერმა წევრმა გიორგი სიორიძემ სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის საკითხზე ისაუბრა. სიორიძის თქმით, ფრანგულ მხარეს შეუძლია, გასცეს თანხმობა სტრასბურგში დამატებით უბნის გახსნაზე, ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებაში დახმარება კი, შესაძლოა, პრეზიდენტს სთხოვონ.

ამაზე ცესკოს თავმჯდომარემ უპასუხა, რომ სიორიძის განცხადება 7 უბნის გახსნის შესახებ პოზიტიური ცნობის გადაფარვის მცდელობაა.

სტრასბურგში მცხოვრებმა ქართველებმა დამატებითი უბნის გახსნის მოთხოვნით აქცია 28 სექტემბერს გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სტრასბურგში უბნის გახსნისთვის საჭირო მინიმალურ რაოდენობაზე რამდენჯერმე მეტი ადამიანია აღრიცხვაზე.

ცესკო აცხადებს, რომ წელს იმაზე მეტი უბანი იხსნება, ვიდრე 2020 წელს იყო, მათ შორის, ისეთ ქვეყნებში, სადაც უბანი არც ერთ არჩევნებზე არ ყოფილა – არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფინეთში, კორეაში, იაპონიაში, ავსტრალიის თანამეგობრობაში.

ემიგრანტების სახელით დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას „სამართლიანი არჩევნები“, დეპუტატი თამარ კორძაია და ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე სასამართლოში მოითხოვდნენ, თუმცა სარჩელები არ დაკმაყოფილდა.

ამასთან, ისრაელში, ქალაქ რამათ-განში საარჩევნო უბნის გაუქმებაზე მსჯელობა, ამ ეტაპზე, ცესკოს წევრებმა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს, შესაბამისად, ცესკო დღევანდელ, 11 ოქტომბრის სხდომაზე ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვაზე არ იმსჯელა.

ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა კომისიას საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვა გააცნო, სადაც უწყება ისრაელში საომარი მდგომარეობის გამო უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრობს.

"არჩევნების დღემდე 15 დღეა დარჩენილი, დაველოდოთ კენჭისყრის დღის მოახლოებას , გაუქმება ყოველთვის არის შესაძლებელი, დაბრუნება და აღდგენა შეუძლებელი იქნება. მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე კომისიამ გააგრძელოს თავისი საქმიანობა. ისევე როგორც კენჭისყრის დღეს, თუმცა ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ფლობდნენ ინფორმაციას იმ რისკებისა და გარემოებების შესახებ, რომელიც მოყვანილია საგარეოს მოწოდებულ წერილში" აღნიშნა კალანდარიშვილმა.