თბილისი (GBC) – სალომე ზურაბიშვილი „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული დროებითი მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით ოთხშაბათს, 9 ოქტომბერს „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას შეხვდა. გახარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ კონკრეტულ სახელზე და გვარზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ შეხვედრით კმაყოფილია. „ჩემთვის მთავარი მიზანია, რომ ქვეყანაში შეიქმნას ის გარემო, როდესაც „ოცნება“ მარცხდება და „ნაციონალური მოძრაობაც“, - თქვა გახარიამ და დასძინა, რომ ამ პოზიციას სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს.
„ჩვენ პოლიტიკურ ძალას აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, ეს მკაფიო პოზიცია მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ ოქტომბრის არჩევნების საშუალებით, ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ ოცნება, ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდეს, ეს ჩვენთვის არის სტრატეგიული ხაზი და სტრატეგიული მიზანი, შესაბამისად, ჩვენ ამას გავაკეთებთ ყველასთან თანამშრომლობით, ვისი პოზიციებიც ემთხვევა ჩვენ პოზიციას, რომ „ოცნება“ უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ და აღნიშნულის მიზეზად დაასახელა: ბოლო ერთი თვის განმავლობაში, „ჩამოშლილი ოცნება იმდენად უსუსურად გამოიყურება“, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ცხელ თავებში შეიძლება რევანშისტული იდეები კიდევ უფრო გაძლიერდეს.
„ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან ვისთვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ რაიმე სახის რევანში არის კატეგორიულად მიუღებელი და ამაში პრეზიდენტიც გვეთანხმება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ტექნიკური მთავრობა არის გამოსავალი, სხვა ყველაფერი არის ტექნიკური საკითხები“, – თქვა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა.
პრეზიდენტმა 7 ოქტომბერს, დაიწყო ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები, „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებულ დროებითი მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით.
სალომე ზურაბიშვილი 7 ოქტომბერს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებს შეხვდა. მედიასთან კომენტარში კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ საუბარი არ ყოფილა კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე. კოალიციის პოზიციაა, რომ პრეზიდენტის ინიციატივა დროული, სწორი და რაციონალურია.
8 ოქტომბერს შეხვედრა გაიმართა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებთან. მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პოლიტიკოსებმა არ უნდა გადაწყვიტონ არჩევნებამდე ამა თუ იმ თანამდებობის პირის დანიშვნა არ დანიშვნის საკითხი.
გიორგი გახარიამ, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას" ხელი 23 სექტემბერს, ორბელიანების სასახლეში მოაწერა.
"ქართული ქარტია", რომელიც სამოქმედო გეგმას გულისხმობს, პრეზიდენტმა 2024 წლის 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.
ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ქარტიის“ ირგვლივ თანხმობა არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს.