თბილისი (GBC) – 59 არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან" მიმართებით და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა. დღეს, 9 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას.

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, არ ითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების სამართლებრივ დასკვნებს და მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს.

სასამართლოს ჰქონდა ისტორიული შანსი, შეწინააღმდეგებოდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, არ დაეშვა მოქალაქეთა კონფიდენციალური ინფორმაციაზე მთავრობის უკონტროლო წვდომა და დამდგარიყო საკუთარი ხალხის გვერდით, ვინც თვეების განმავლობაში, სამთავრობო ძალადობის მიუხედავად, ურყევად ეწინააღმდეგებოდა რუსულ კანონს. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ შეძლო დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, ის კვლავ მოექცა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ და ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია - კონსტიტუციის დაცვა.

ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები მადლობას ვუხდით ორ მოსამართლეს განსხვავებული აზრისთვის და ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოში ავტორიტარიზმისა და ცენზურის დამყარების წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას რუსული კანონის წინააღმდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - საერთაშორისო ინსტიტუტებში, და ქართველი ხალხის მხარდაჭერით, აუცილებლად მივაღწევთ მის საბოლოო და უპირობო გაუქმებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  2. აღმოსავლეთ ევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
  3. ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  4. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
  5. დემოკრატიის ინსტიტუტი
  6. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  7. დემოკრატიის კვლევის ცენტრი (DRC)
  8. დემოკრატიის მცველები
  9. ევროპის ფონდი
  10. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  11. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  12. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  13. თბილისი პრაიდი
  14. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  15. მედიის განვითარების ფონდი
  16. მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრი
  17. მწვანე ალტერნატივა
  18. მწვანე სექტორი
  19. მხარდაჭერისა და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი
  20. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  21. პრევენცია პროგრესისთვის
  22. რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)
  23. საეა იმერეთის წარმომადგენლობა
  24. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  25. საზოგადოებრივი მოძრაობა მწვანეები
  26. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  27. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" - RICDOG
  28. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი
  29. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  30. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  31. სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი
  32. საორსა
  33. საფარი
  34. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  35. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  36. საქართველოს ევროპული ორბიტა
  37. საქართველოს მედია-კლუბი
  38. საქართველოს მომავლის აკადემია
  39. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  40. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
  41. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  42. საქართველოს სასოფლო დარბაზი
  43. სოლიდარობის თემი
  44. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  45. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრი
  46. უფლებები საქართველო
  47. ფემინა
  48. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  49. ღია სივრცე კავკასია
  50. ყვარლის ევროკლუბი
  51. შშმ ქალთა ალიანსი
  52. ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
  53. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-GCRT
  54. BelGeo Fusion
  55. EUROBRIDGE
  56. ForSet
  57. GrlzWave
  58. Populus Rei
  59. ProActive Group Georgia

საკონსტიტუციო სასამართლომ ოთხშაბათს, 9 ოქტომბერს, ე.წ "რუსული" კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლიდან 1 თვის შემდეგ მიიღო.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის" შეჩერებას მხარს მხოლოდ გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში უჭერდნენ.

სასამართლოს ვებსაიტზე კი ვკითხულობთ, რომ: „საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე“.

სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო ე.წ „რუსული“ კანონის საკითხზე წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების („საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი), ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) ნაწილი.

სასამართლო ამბობს, რომ საქმეს განიხილავს კანონით დადგენილ 9-თვიან ვადაში. საქმის განხილვა არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ამ პერიოდში გამოცხადდება. მოსამართლეებს გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად შეზღუდული ვადები არ აქვთ.