თბილისი (GBC) – ტელეკომპანია "იმედი" გამოეხმაურა ტელეკომპანიების: „მთავარი“, “ტვ პირველი”და „ფორმულა“–ს მიერ მიღებულ ერთობლივ გადაწყვეტილებას, რომელიც "ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის რეკლამის ეთერში გაშვებაზე უარის თქმას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია "იმედმა" ტელევიზიების ამ ქმედებას "კანონმდებლობის უხეში დარღვევა" უწოდა, თავადვე განაცხადა, რომ ახლა "იმედი" აღარ აპირებს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური რეკლამის ეთერში გაშვებას. "ეთერში აღარ განვათავსებთ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის იმ პარტიების სარეკლამო ვიდეორგოლებს, რომლებიც წარმოადგენენ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სახეს", - ვკითხულობთ "იმედის" განცხადებაში.
GBC ტელეკომპანია "იმედის" განცხადებას სრულად გთავაზობთ:
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მედიასაშუალებები, „მთავარი“, “ტვ პირველი”და „ფორმულა“ აგრძელებენ საარჩევნო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას. ისინი, მოგონილი არგუმენტებით, უარს ამბობენ თავიანთ ეთერებში განათავსონ კანონის მოთხოვნების დაცვით მომზადებული ვიდეორგოლები. ამ ვიდეორგოლების განთავსებას მათ კანონი პირდაპირ ავალდებულებს, რაც ასევე დადასტურებულია კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლოს გადაწყვეტილებებით. მათ საჯარო განცხადებებიც გააკეთეს და იქამდეც კი მივიდნენ, რომ ამტკიცებენ, თითქოს ომის საწინააღმდეგო ვიდეორგოლი ომის პროპაგანდაა.
როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ბატონმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, „თავისუფალი მედიის გადასაწყვეტია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს...“
მიუხედავად იმისა, რომ „ტელეიმედს“ აქვს მკაფიოდ გაცხადებული სარედაქციო პოლიტიკა - არ დაუშვას "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება ხელისუფლებაში, რაც ქვეყანას სრულ კატასტროფამდე მიიყვანს, ჩვენ დღემდე ვუშვებდით მათ მიერ მოწოდებულ ვიდეორგოლებს. ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულება მოცემულ შემთხვევაში არ არის გადაწყვეტილების საფუძველი რეკლამების განთავსების თუ მის განთავსებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით - ყველა მაუწყებელი ვალდებულია გამორიცხოს დისკრიმინაციული მიდგომა და თავისი წილი პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოს კონკურენტული საარჩევნო გარემო ქვეყანაში, რაც დემოკრატიული არჩევნების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
სწორედ აქედან გამომდინარე, ვიდრე არ აღმოიფხვრება ნაციონალური მოძრაობის მედიასაშუალებების მიერ შექმნილი დისბალანსი (რეიტინგების, მათ მიერ რეკლამის გაუშვებლობით გაცდენილი საათების და სხვა ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით) და უზრუნველყოფილი არ იქნება კონკურენტული საარჩევნო გარემო ამ მიმართულებით, ეთერში აღარ განვათავსებთ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის იმ პარტიების სარეკლამო ვიდეორგოლებს, რომლებიც წარმოადგენენ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სახეს".
ხუთშაბათს, 9 ოქტომბერს, საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ სამ ტელეარხს („მთავარი არხი“, „ფორმულა“, „TV პირველი“), ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. ამის მიზეზი გახდა აღნიშნული ტელევიზიების მიერ ნათქვამი უარი, ეთერში გაეშვათ „ქართული ოცნების“ ის წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც შეიცავს უკრაინის ომის ამსახველ ბანერებს. ამ ბანერებს ტელეკომპანიები "ამორალურად" მიიჩნევენ.
საბოლოო გადაწყვეტილებას დაჯარიმებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო იღებს.
ტელეარხის წარმომადგენლებმა კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე განაცხადეს, რომ მმართველი პარტიის რეკლამა ომის პროპაგანდას შეიცავს, ამომრჩეველში შიშს თესავს და ასე ცდილობს მათი მხარდაჭერის მოპოვებას. „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ ამბობენ, რომ ეს რეკლამა ამორალური და არაეთიკურია და შესაბამისად, ფიქრობენ, რომ მისი გაშვებით კანონს დაარღვევენ.
5 ოქტომბერს, ერთობლივ განცხადებაში ტელეკომპანიებმა აღნიშნეს, რომ მოსალოდნელი ჯარიმების მიუხედავად, არ აპირებენ "თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე“.