თბილისი (GBC) - მთელი მსოფლიო აშშ-ს არჩევნების შედეგების მოლოდინშია და მაკროეკონომიკურ სცენარებს განიხილავს. დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება,
უფრო მეტი პროტექციონიზმი და, როგორც ჩანს, ფისკალური დეფიციტი მაღალი საპროცენტო განაკვეთების არხით ვალუტაზე მართლაც გამყარების მიმართულებით მოქმედებს.
ამასთან, უკვე კონფლიქტების დეესკალაციის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დოლარის, როგორც ჯერ კიდევ დომინანტი სარეზერვო და უსაფრთხო ვალუტის როლი, რაც მოვლენათა ასეთი განვითარებისას მის დასუსტებას იწვევს. ისევე, როგორც საშუალოვადიან პერსპექტივაში, დიდი ოდენობით სახელმწიფო ვალი ამავე მიმართულებით მოქმედებს.
ჩვენ ქვეყანაში, ბაზრის მოლოდინებზე, განწყობებსა და ქცევის უახლოესმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ფიზ და იურიდიულმა პირებმა გარკვეული სავალუტო ბუფერები შეიქმნეს. არჩევნებამდე შეისყიდეს აშშ დოლარი.
და ამ სენტიმენტების ცვლილება ლარზე უკვე გამყარების ზეწოლას შექმნის. თიბისი კაპიტალის დაკვირვებით, ჯერჯერობით საპირისპირო ქცევა არ იკვეთება, თუმცა ვალუტის დამატებით შესყიდვასაც აღარ აქვს ადგილი. შესაბამისად, როგორც ჩანს, გაუფასურების მოლოდინები არსებითად შემცირებულია და სენტიმენტები შედარებით უფრო ნეიტრალურისკენაა გადახრილი.
კომპანიების და მოქალაქეების უცხოური ვალუტის დაგროვილი ბუფერები მართალია სებ-ის საერთაშორისო რეზერვების თანაბარზომიერი არაა, თუმცა არც ისე მიზერულია. არაა საუბარი მხოლოდ რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარსა და ევროზე. ამდენად, მიმდინარე პერიოდში სწორედ ეს ფაქტორი არის ყველაზე მეტად მატერიალური.
აშშ-ის არჩევნების გავლენის შეფასებისას, არაერთი გარემოებაა გასათვალისწინებელი. ბუნებრივია, აშშ დოლარის გამყარება ლარისთვის ნეგატივია.
ამასთან, ნავთობის შესაძლო გაიაფება საქართველოში იმპორტის და ფასების კლებაში აისახება, თუმცა მნიშვნელოვანია ჩვენი ნავთობზე დამოკიდებული ეკონომიკური პარტნიორების შემოსავლები საქართველოს ექსპორტის, ტურიზმის, გზავნილების და ინვესტიციების მხრივ.
ეჭვგარეშეა, რომ კონფლიქტების დეესკალაცია პოზიტივია, თუმცა მაკროეკონომიკური კუთხით მიგრაციის ეფექტიც საყურადღებოა, ისევე, როგორც ასეთ შემთხვევაში ევროს სავარაუდო გამყარება, რაც ისტორიულად საქართველოსათვის უფრო პოზიტიურ დროს ხდება.