თბილისი (GBC) – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აქტიურად აძლიერებს კერძო სექტორისთვის თანხების მობილიზაციას, რათა უკეთ დაეხმაროს თავის კლიენტებს და ხელი შეუწყოს ეკონომიკებს საინვესტიციო საჭიროებების დაკმაყოფილებაში. ევრობანკმა 2024-ში ჯამში  €26.8 მლრდ-ის მობილიზაცია მოახდინა. კერძოდ, პირდაპირი მობილიზაცია €4.82 მლრდ-ს შეადგენდა, ხოლო არაპირდაპირი მობილიზაცია – €21.97 მლრდ-ს.

2024 წელს ბანკმა რეკორდული მოცულობის ფინანსური მობილიზაცია განახორციელა. 2023 წელს მის მიერ ყველა წყაროდან ჯამურად  €26.2 მლრდ-ის მობილიზება მოხდა, 2024 წელს კი მაჩვენებელი 2.3%-ით გაიზარდა.

„EBRD-ის მნიშვნელოვნად გაძლიერებული ძალისხმევისა და ჩვენი პარტნიორების, მათ შორის კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისა და ინსტიტუციური ინვესტორების, მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ მკვეთრად გავზარდეთ პირდაპირი მობილიზაციის მაჩვენებელი გასულ წელს. ბანკის აქტივობებმა ჩვენს კლიენტებს და ეკონომიკას დამატებით თითქმის 27 მილიარდი ევროს დაფინანსება მოუტანა. ჩვენ ვაგრძელებთ ახალი მობილიზაციის პროდუქტების შექმნას, რომლებიც მიმზიდველია ინსტიტუციური ინვესტორებისა და სხვა თანადამფინანსებლებისთვის“, აცხადებს EBRD-ის დავალიანების მობილიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კრისტიან კლებოთი.

EBRD-ის განცხადებით, მრავალმხრივი განვითარების ბანკებს (MDBs) განვითარებადი პროექტების მხარდასაჭერად კერძო ინვესტიციების მოზიდვაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ, თუმცა განვითარების დაფინანსების დეფიციტის შესავსებად, ძირითადი ინვესტიციები კერძო სექტორიდან უნდა განხორციელდეს.

საფინანსო ინსტიტუტისთვის განსაკუთრებით მწვავედ დგას კლიმატის დაფინანსების საკითხი, სადაც არსებული დეფიციტის დასაფარად 2030 წლისთვის დამატებით წელიწადში $2-2.8 ტრილიონის (€1.8-2.6 ტრილიონი) ინვესტიცია იქნება საჭირო.

COP29 კლიმატის კონფერენციაზე, რომელიც ბაქოში გაიმართა, მრავალმხრივი განვითარების ბანკებმა (MDB) განაცხადეს, რომ 2030 წლისთვის მათი ერთობლივი კერძო კლიმატური მობილიზაცია წლიურად $130 მლრდ-ს (€120.2 მლრდ) მიაღწევს. 2023 წელს EBRD-მა ერთპიროვნულად $26.7 მლრდ (€24.7 მლრდ) მოიზიდა, რაც ბანკს კერძო კლიმატური დაფინანსების ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ აქცევს.