თბილისი (GBC) - სებ-ის პრეზიდენტმა ამსტერდამში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ნიდერლანდის, ბელგიის და ლუქსემბურგის ჯგუფის წევრი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველებისთვის გამართულ კონფერენციაში - „გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის დაძლევა“ მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა განიხილეს ქვეყნების ეკონომიკაზე გეოპოლიტიკური შოკების გავლენა, გეოეკონომიკური გამოწვევები და მათზე რეაგირების სტრატეგიები.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ნიდერლანდის ბანკის პრეზიდენტი კლაას ნოტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იერონ კლიკი, სსფ-ის ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ალფრედ კამერი, ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში - გერტ იან კოპმანი და ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები.
სსფ ნიდერლანდის, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფი საქართველოს, მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცოგოვინას, ბულგარეთს, ხორვატიას, ანდორას, სომხეთს, კვიპროსს, ისრაელს, ჩრდილოეთ მაკედონიას, რუმინეთს, მოლდოვასა და უკრაინას აერთიანებს.
ნათია თურნავა IMF-ის აღმასრულებელ დირექტორს იერონ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეისსაც შეხვდა, რომლებთანაც მიმდინარე საკითხები და სამომავლო თანამშრომლობა განიხილა.