თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO 27001 სერტიფიცირება გაიარა. ISO 27001 - ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის მსოფლიოში აღიარებული სტანდარტია, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მეოთხედ მიიღო. 

სებ-ში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის და მათი დახვეწის მიზნით მუშაობა 10 წელზე მეტია მიმდინარეობს. ეროვნული ბანკი დიდ ყურადღებას უთმობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალურობისა და მთლიანობის დაცვას.

ნათია თურნავამ, აღნიშნა რამდენად დიდი გამოწვევაა დღეს საერთაშორისო მასშტაბით ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ეროვნული ბანკი, კრიტიკულ ბიზნეს სისტემებს მართავს და ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია შესაბამისი ბიზნეს ოპერაციების უსაფრთხოება.რაც თავის მხრივ, მეტად საიმედოს ხდის საბანკო სერვისებს.

წელს ეროვნულმა ბანკმა ISO სტანდარტთან შესაბამისობა უკვე განახლებული ვერსიით ISO/IEC 27001:2022 გაიარა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაზე დაკავშირებული აუდიტის პროცესში  ქართულთან ერთად უცხოური კომპანიებიც მონაწილეობდნენ.

. სერტიფიკატი გერმანულმა სასერტიფიკაციო ორგანომ TUV SUD Management Service GmbH - მა გასცა.