თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.8%-იანი მატება.

2024 წლის სექტემბერთან შედარებით ფასები 4.6%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.3 პ.პ-ით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (-0.8%), რამაც -0.62 პ.პ შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება კვების პროდუქტებზე (-3.5%). გარდა ამისა, ფასების 2.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.22 პ.პ შეადგინა.

საქსტატის მტკიცებით, 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 29.7%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.7 პ.პ-ით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (35.9%);
  • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5.3%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4.32 პ.პ-ით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (6.6%) და ძირითადი ლითონები (11.8%);
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 4.4%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.54 პ.პ-ით იქონია გავლენა;
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 10.9%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.26 პ.პ-ით იქონია გავლენა.