თბილისი (GBC) - პარლამენტმა ხუთშაბათს ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი წევრი დაამტკიცა. კენჭი უყარეს დადგენილების პროექტებს და ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე დაამტკიცეს ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ნინო ჯელაძე და ლევან ძნელაძე.

როგორც კენჭისყრის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საბოტაჟი დასრულდება და ეროვნული ბანკი უკვე სრული შემადგენლობით გააგრძელებს საქმიანობას.

„თითქმის წელიწად-ნახევრზე მეტი დროის განმავლობაში ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილის საბოტაჟის გამო ვერ ვახდენდით ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებას. ეროვნულ ბანკს უწევდა ხუთ წევრით საქმიანობა. მნიშვნელოვანია, რომ შევძელით, მათ შორის, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ამ საბოტაჟის დასრულება და ეროვნული ბანკი უკვე სრული შემადგენლობით გააგრძელებს საქმიანობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

რა განათლება აქვთ სების საბჭოს ახალ წევრებს?

ვახტანგ ბურკიაშვილი

განათლება - ბურკიშვილი პროფესიით ეკონომისტია. დამთავრებული აქვს საფრანგეთის, ნანსის უნივერსიტეტი. იქვე მიიღო მაგისტრის წოდება ფინანსებისა და აუდიტის სფეროში.

ვახტანგ ბურკიაშვილი ეროვნული ბანკის მოქმედი აღმასრულებელი დირექტორია. ის "ქართული ოცნების" შემწირველია. ამასთან, იყო ბიძინა ივანიშვილის "საზოგადოება 2030-ის" ანალიტიკოსი.

ვახტანგ ბურკიაშვილმა "ქართულ ოცნებას" 2016 წელს 50 000 ლარი შესწირა.

ვახტანგ ბურკიაშვილი სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ყოფილი ბიზნესმენიცაა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ის თანამდებობაზე არჩევის მომენტში, 2018 წელს ფლობდა: შპს-ს ტიფლის დეველოპმენტ კონსორციუმს. ასევე იყო მეწილე შპს-ების: საკი - პეტროლიუმი, მიო + და აი იუ ეს გრუპის. ამ მომენტისთვის, მის სახელზე არც ერთი კომპანია აღარ იძებნება.

ოთარ შამუგია

განათლება - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, საქართველო ეკონომისტი, მაგისტრთან გათანაბრებული.

ოთარ შამუგია, "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს ჯერ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი მინისტრი იყო. 2007 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. CV-ის მიხედვით, ფლობს მხოლოდ ქართულ და რუსულ ენებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში მისვლამდე იყო შპს რეალ ქონსალტინგის ფინანსური დირექტორი, ასევე, 2005-2006 წლებში ფინანსური დირექტორი შპს საკონსულტაციო ჯგუფში; 2004-2005 წლებში - ქონების მართვის სამსახურის უფროსი, შპს " საქართველოს რკინიგზაში"; 1999-2004 წწ - ცენტრალური ბუღალტერიის უფროსი (მთავარი ბუღალტერი), საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში; 1998- 1999 წწ - მთავარი სპეციალისტი, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში.

ლევან ძნელაძე

განათლება - ჯავახიშვილის უნივერსიტეტის მაკროეკონომიკის ფაკულტეტი. დამთავრებული აქვს ასპირანტურა და აქვს დოცენტის ხარისხი. ასევე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მიღებული.

რეზიუმეს მიხედვით, ლევან ძნელაძის საჯარო სამსახური პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსის პოსტზე 1995 წელს იწყება.

ამის შემდეგ, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა 2000 წლამდე.

2000 -2001 წლებში იყო სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში.

2002 წელს ცოტა ხნით ხდება გადასახადებისა და შემოსავლების მინისტრი.

ამის შემდეგ, არის “იმედი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი 2002-2006 წლებში.

2006 წლიდან 2009 წლამდე GMC ჯგუფის დირექტორია.

ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის "ქართუს" გენერალური დირექტორის მოადგილე და ფინანსური დირექტორია 2009-2011 წლებში.

2011 წელს კვლავ საჯარო სამსახურში ბრუნდება და ხდება ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე 2015 წლამდე.

2015 წლიდან 2020 წლამდე ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენ. დირექტორი.

2020 წლიდან დღემდე, ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის უფროსი.

ნინო ჯელაძე

განათლება - ნინო ჯელაძეს სამი სხვადასხვა სპეციალობა აქვს. სამივე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული. არის ეკონომისტი, იურისტი და უცხო ენების სპეციალისტი.

2003-2021 წლებში იყო პროკრედიტ ბანკსა და პროკრედიტ ჰოლდინგში სხვადასხვა პოზიციებზე. ბოლოს იყო 2017-2021 წლებში იყო „პროკრედიტ ბანკის“ წარმომადგენელი, კომპლაენსისა და AML ქვეგანყოფილების ხელმძღვანელი. 2021-2023 წელს ჰქონდა კონსულტანტის კერძო პრაქტიკა ფულის გათეთრებასთან ბრძოლისა და საოპერაციო რისკების მართვის საკითხებში. 2024 წლიდან დღემდე კი, ეროვნული ბანკის მოქმედი თანამშრომელია, კერძოდ, საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.