თბილისი (GBC) – BMG-ის გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტის" ორგანიზებითა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ღონისძიება - „სამშენებლო და დეველოპერული სექტორები - გამოწვევები და ტენდენციები" ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში, თიბისი კაპიტალის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა - ირინა კვახაძემ, საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ, კვლევა წარადგინა.

კვლევის თანახმად, 2024 წელს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მდგომარეობა სტაბილურია. 2024 წლის 8 თვის განმავლობაში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებმა წლიურად 2%-ით იკლო. ამ პერიოდში 25 102 ბინა გაიყიდა. მთაწმინდის გარდა, თბილისის ყველა უბანში ყველაზე დიდი მოთხოვნა 50-75 კვ.მ ფართობის ბინებზეა.

რაც შეეხება ბათუმს, 2024 წლის პირველ 8 თვეში აქ ტრანზაქციები წლიურად 14%-ით შემცირდა, რაც ძირითადად მაღალი საბაზისო ეფექტით და მოთხოვნის ნორმალიზებითაა გამოწვეული. აღნიშნულ პერიოდში, ბათუმში 9117 ბინა გაიყიდა. პირველ ზოლში - 35 კვ.მ-მდე ფართობის ბინების, ცენტრში და გარეუბნებში კი 50-75 კვ.მ ფართობის აპარტამენტების გაყიდვები ჭარბობს. ბათუმის პროექტებში ბინები ძირითადად საინვესტიციო მიზნითაა შეძენილი, რასაც უცხოელი მყიდველების მაღალი წილიც ადასტურებს.

2024 წლის პირველ 7 თვეში საშუალო გასაყიდი ფასი თბილისში წლიურად 4%-ითაა გაზრდილი და ფასმა 1201$ შეადგინა. ბათუმში კი ფასი 6%-ითაა წლიურად გაზრდილი და 1184$ შეადგინა. მომდევნო თვეებში თბილისისა და ბათუმის უძრავი ქონების ფასებში  მნიშვნელოვანი ცვლილებები არაა მოსალოდნელი.

თბილისში უძრავი ქონება კვლავ რჩება მაღალი ამონაგების მქონე საინვესტიციო აქტივად. 2024 წლის აგვისტოში ამონაგებმა  გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელს 1.4 პროცენტული პუნქტით გადააჭარბა და 9.8% შეადგინა.

თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე პოტენციური მიწოდება ისევ მაღალ დონეზეა, თუმცა 2024 წლის 8 თვის განმავლობაში, თბილისში გაცემული ნებართვები წლიურად 7%-ით შემცირდა. წელს 891 000 ფართობზე გაიცა მშენებლობის უფლება, საიდანაც ყველაზე დიდი წილი - 28% დიდ დიღომზე, ყველაზე პატარა წილი - 14% კი ისანზე მოდის.

კვლევას გაეცანით ბმულზე.