თბილისი (GBC) – კრიპტოვალუტის ბაზარზე გლობალური ვარდნა გრძელდება და ორშაბათს, თბილისის დროით 09:20 საათისთვის, კაპიტალიზაციით 10 უმსხვილესი კრიპტოვალუტა წითელ ზონაში ივაჭრება. 

კერძოდ, ამ დროისთვის ბიტკოინი $15 991 ღირს და მისი დღე–ღამური ვარდნა 5,17%–ს შეადგენს. ბოლო 7 დღეში კი ეტალონურმა ქოინმა 23,6% დაკარგა. ბიტკოინის კაპიტალიზაცია ამ დროისთვის $306,8 მლრდ–ს შეადგენს.

საბაზრო კაპიტალიზაციით მეორე ადგილზე მყოფი ეთერიუმი ბოლო დღე–ღამეში 6,07%–ით არის დავარდნილი – $1 188–მდე. ბოლო ერთ კვირაში, პროცენტულ გამოსახულებაში, მან ბიტკოინზე მეტი დაკარგა –25,49%. კაპიტალიზაცია კი $144,9 მლრდ–ის ნიშნულზეა.

რაც შეეხება ნავთობს, ეტალონური მარკების ფასი, პარასკევის მკვეთრი რყევების შემდეგ კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება და როგორც Brent, ისე WTI, ახალ სავაჭრო კვირას პლუსში იწყებენ.

ამ დროისთვის ბარელი Brent–ის ფასი 0,13%–ით იზრდება და მისი ფასი $96,11–ს შეადგენს.

WTI უმნიშვნელო, 0,04%–იან ზრდაშია და ბარელის ფასი ზუსტად $89–ს უდრის.

ლარის კურსი ამ დროისთვის 2,71–იან ნიშნულზეა. კვირის პირველი სავაჭრო სესია Bloomberg-ის პლატფორმაზე კურსით $1/2,7075 გაიხსნა. წლის განმავლობაში ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით 12,30 პროცენტითაა გამყარებული.