თბილისი (GBC) – „ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო ოთხშაბათს განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პარტიის ყრილობა 7 მაისს ჩატარდება, სადაც ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.

„ქართული ოცნების” გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. დამტკიცდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების” ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. სხდომაზე ასევე დამტკიცდა, რომ განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც 7 მაისის ყრილობაზე დამტკიცდება”, – ნათქვამია "ქართული ოცნების" განცხადებაში.
 
პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა 25 აპრილს განაცხადა, რომ პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„მინდა, გაგაცნოთ ჩემი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება. ბოლო რამდენიმე კვირაა, არ წყდება სპეკულაციები ჩემს პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ, შეკითხვებს გავცე ამომწურავი პასუხი“, – თქვა მაშინ მან „ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ქვეყნის სამსახურს სხვა პოზიციიდან განაგრძობს. შეკითხვის საპასუხოდ კი დააზუსტა, რომ ეს იქნება კერძო სექტორი.