თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ დღეს პარლამენტში სების 2024 წლის ანგარიში წარდგენისას, ეროვნული ბანკის საერთაშორისო თანამშრომლობის როლზე ისაუბრა და მეოთხე მუხლის პროგრამის ფარგლებში უახლოეს დღეებში თბილისში, სსფ-ის მისიის ვიზიტზე გაამახვილა ყურადღება. 

მისი თქმით, მსოფლიო ბანკისა და სსფ-ის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში სავალუტო ფონდთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები შედგა, სადაც აღინიშნა, რომ საქართველოს მხარდაჭერა ძლიერია.

როგორც სების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სსფ-ს მიდგომა ძალიან პარტნიორული და დადებითია. მისიის ფარგლებში კი სების მიზანია ყველა იმ საკითხის გაანალიზება, რაც ამ დრომდე სავალუტო ფონდისთვის შესაძლოა ღია საკითხად იყო მიჩნეული.

„მისიის ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ შემდგომ თანამშრომლობაზე. მიგვაჩნია, რომ პროგრამის მიხედვით, თუ კი რაიმე საშუალოვადიანი მიზნობრივი მაჩვენებელი არსებობდა, იქნება ეს ფისკალური სექტორი თუ მონეტარული სექტორი, ყველაფერი გადაჭარბებით არის შესრულებული. სხვა ღია საკითხები, რაც არსებობდა, ვთვლით, რომ ამოწურულია და არაფერი უშლის ხელს ჩვენ შემდგომ თანამშრომლობაზე საუბარს. ამასთან დაკავშირებით გვექნება შეხვედრები და განხილვები," - განაცხადა ნათია თურნავამ.