თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $7.75 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 15.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტი $2 მილიარდს შეადგენს (გაიზარდა 14.2%-ით), ხოლო იმპორტი $5.74 მილიარდს (გაიზარდა 15.7%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარსა და აპრილში, $3.72 მილიარდი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.1%-ია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2022-2025 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით
2025 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.2% შეადგინა.
უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
- ყირგიზეთი ($450 მლნ),
- ყაზახეთი ($258.4 მლნ),
- აზერბაიჯანი ($215.1 მლნ).
2025 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 72.75% შეადგინა. პირველ სამეულში შედის:
- აშშ ($881.2 მლნ),
- თურქეთი ($814.2 მლნ),
- რუსეთი ($669.6 მლნ).
2025 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.9% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:
- თურქეთი ($914.3 მლნ),
- აშშ ($902 მლნ),
- რუსეთი ($859.1 მლნ).
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა $753.9 მლნ-ით, რაც მთელი ექსპორტის 37.4%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $96.3 მლნ-ით (მთლიანი ექსპორტის 4.8%), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა $76.5 მლნ-ით (3.8%).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-აპრილში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა $966.4 მლნ და მთელი იმპორტის 16.8% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) $481.1 მლნ-ით (იმპორტის 8.4%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები $396.5 მლნ-ით (იმპორტის 6.9%).