თბილისი (GBC) - „ბათუმელების“ ცნობით, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა გამოცემის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მზია ამაღლობელს. ამაღლობელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბათუმელების ინფორმაციით, მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობლის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

მედიამენეჯერი პლაკატის გაკვრის გამო აჭარის პოლიციის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ დააკავა. ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჰყავდათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, შემდეგ კი სხვა დაკავებულ ქალ აქტივისტებთან ერთად გაათავისუფლეს.

„ყველა გამოვიდეს გარეთ, ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს. გამოდით ყველგან, ყველგან დაწერეთ, მოუწოდეთ საზოგადოებას,“ – თქვა მზია ამაღლობელმა მას შემდეგ, რაც პოლიციის სამმართველო დატოვა. როგორც მან თქვა, მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული წესით იყო დაწყებული.

გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან გამოსულ მზია ამაღლობელს მისი ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაიგეს, რომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციამ დააკავა. მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო.

უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი – მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობლის ახლობლები იყვნენ.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და ჭყლეტა დაიწყო, სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში.

"ბათუმელების" ინფორმაციით, ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.