თბილისი (GBC) – საჯარო სამსახურის ბიუროს ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გვანცა ბესელიამ თანამდებობა დატოვა. უკვე ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "საჯარო სამსახურის კანონის ცვლილებით აზრი დაკარგა ყველაფერმა" და ამიტომ ბიუროსთან 9-წლიანი თანამშრომლობა დაასრულა. 

„1 იანვრიდან დავემშვიდობე ბიუროს. საჯარო სამსახურის კანონის ცვლილებით აზრი დაკარგა ყველაფერმა, რისთვისაც ვმუშაობდი და რისიც მჯეროდა. ამიტომ, 9 წლიანი თანამშრომლობა ბიუროსთან დასრულდა. მადლობა ყველას, თბილი და გამამხნევებელი შეტყობინებებისთვის. დარწმუნებული ვარ, შევხვდებით საჯარო სამსახურის კიდევ ერთხელ მშენებლობის გზაზე“, - წერს გვანცა ბესელია სოციალურ ქსელში.

მანამდე საჯარო სამსახურის 17-მა თანამშრომელმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც კანონში შესულ ცვლილებებს გაემიჯნენ:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტის მიერ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს.

საჯარო სამსახურის რეფორმისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური და ერთიანი საჯარო სამსახურის შექმნა.

კანონში შეტანილი ცვლილებები სრულად ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის რეფორმისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გაცხადებულ სულისკვეთებას, აუარესებს საჯარო მოხელის უფლებრივ მდგომარეობას და საფრთხეს უქმნის უფლების დაცვის სამართლებრივი გარანტიების არსებობას.

ჩვენ, როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლებს, რომლებიც ვემსახურებით დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის სისტემის შექმნას, მიგვაჩნია, რომ განხორციელებული ცვლილებები ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის კანონით განსაზღვრულ ღირებულებებსა და პრინციპებს. კანონში შესული ცვლილებები ხელს შეუშლის მიმზიდველი, პროფესიული და კეთილსინდისიერებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას“, – წერდნენ ბიუროს თანამშრომლები ერთობლივ განცხადებაში.