თბილისი (GBC) – ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი X-ზე წერს, რომ "რუსეთი საქართველოში 2008 წლის აგვისტოში ბუქარესტის კატასტროფული სამიტის შემდეგ შეიჭრა და მისი ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაცია მოახდინა. რუსებმა ღიად განაცხადეს, რომ ეს NATO-ს გაფართოების შესაჩერებლად გააკეთეს". 

მიხელსონი ამით სტატიას სახელწოდებით „უკრაინას ნატოში გაწევრიანება შეუძლია - თუ მოკავშირეები მზად არიან გამბედაობა გამოიჩინონ“ ეხმაურება, რომელსაც Politico-ში „ჰადსონის“ ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი აქვეყნებს.

Politico-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ლუკ კოფი წერს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში მდგრადი და ეფექტური მშვიდობის უზრუნველყოფა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას შეუძლია.

„1952 წელს NATO-ს პირველი გაფართოების შემდეგ, მისმა ღია კარის პოლიტიკამ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გააძლიერა, მაგრამ რუსეთის მავნე ქმედებებმა საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში და ტრანსატლანტიკური საზოგადოების უუნარობამ, რომ ამას წინააღმდეგობა გაუწიოს - ფაქტობრივად მოსკოვს NATO-ს მომავალ წევრობაზე დე ფაქტო ვეტო დადების უფლება მისცა.

ახლა რუსეთმა იცის, რომ ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების თავიდან ასაცილებლად, შეჭრა და მისი ნაწილობრივი ოკუპაცია საკმარისია“, - ვკითხულობთ სტატიაში.