თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ, 25-28 მაისს თბილისში გამართული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასთან ტრამპის ადმინისტრაციის სახელით კონსტრუქციული და მომავალზე ორიენტირებული თანამშრომლობის მზადყოფნა გაუზიარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს განცხადებით, ვაშინგტონი მზად არის დაიწყოს ორმხრივი ურთიერთობების ახალი ეტაპი, რომელიც დაეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგს სუვერენულ პარტნიორებს შორის. აშშ-ის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, ვიცე-პრემიერებთან და მთავრობის სხვა წევრებთან შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს შესაძლო თანხვედრის სფეროები, მათ შორის: ეროვნული სუვერენიტეტი, სამართლიანი ეკონომიკური გარემო, მავნე გარე გავლენებისადმი მდგრადობა და ფუნდამენტური ღირებულებები.
აშშ-ის მხარემ ხაზი გაუსვა ინტერესს კომერციული კავშირების გაფართოების, ამერიკული საქონლისა და ინვესტიციებისთვის ბაზრის ხელმისაწვდომობისა და უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების მიმართ. საელჩოს განცხადებით, გრძელვადიანი და მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობისთვის საჭირო იქნება უწყვეტი პროგრესი იმ პირობების უზრუნველსაყოფად, რაც საქართველოს სანდო პარტნიორად აქცევს. კერძოდ, საუბარია ამერიკული ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოსა და სტაბილურ შიდა პოლიტიკურ კლიმატზე, რომელიც ხელს უწყობს ოპოზიციის ჩართულობას. დელეგაციამ მთავრობასთან ამ მიზნების მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯებიც განიხილა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სიღრმისეული შეხვედრები გამართეს წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოსა” და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებთან.
დელეგაციამ მოისმინა ოპოზიციის შეშფოთება 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ მათ მიმართ მოპყრობის, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმეებისა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემოს შესახებ. შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ დააფიქსირა პოზიცია, რომ ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს ამომრჩეველთა ინტერესების წარმოსაჩენად.
ვაშინგტონის შეფასებით, პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა არის სწორედ ის ფაქტორები, რომლებიც საქართველოს სანდო პარტნიორად აქცევს ამერიკული ინვესტიციების, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის. აშშ-ის საელჩოს განცხადებით, შეერთებული შტატები ერთგული რჩება კონსტრუქციული ურთიერთობისა ყველა სერიოზულ პოლიტიკურ აქტორთან, რომელიც დაინტერესებულია ქვეყნის სტაბილურობითა და სუვერენიტეტით.