თბილისი (GBC) - დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში სტივენ დაუთი აცხადებს, რომ ესაუბრა მაკა ბოჭორიშვილის, "ქართული ოცნების" წარმომადგენელს. მისივე თქმით, ბრიტანეთი ყველა შესაძლებლობას განიხილავს, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი. ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრი X-ზე წერს.
“ქართული ოცნების წარმომადგენელთან, მაკა ბოჭორიშვილთან საუბრისას დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ მიუღებელია პოლიციის მხრიდან ძალადობა და უკანონო და თვითნებური დაკავებები. განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი", - წერს ის.
Today I reiterated in the clearest terms to Georgian Dream representative @MakaB__ that police violence and arbitrary arrests in #Georgia are unacceptable.
— Stephen Doughty MP (@SDoughtyMP) December 16, 2024
The UK will consider all options to ensure those responsible are held accountable.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ასევე ხაზი გაუსვა, საქართველოს, როგორც მჭიდრო და საიმედო პარტნიორის როლს რეგიონში, რაც არაერთხელ დადასტურდა ბოლო წლების განმავლობაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ბოლო დროს განვითარებული პროცესების გათვალისწინებით, ყურადღება გამახვილდა დასავლელი პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან დიალოგის აუცილებლობაზე.
"2024 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა გაერთიანებული სამეფოს FCDO-ს სახელმწიფო მინისტრთან ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და საზღვარგარეთის ტერიტორიების საკითხებში, სტივენ დაუთისთან.
მინისტრებმა მიმოიხილეს ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა. გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა გაერთიანებული სამეფოს პოზიცია და წუხილი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საუბრისას წამოჭრილ საკითხებზე და გულისტკივილი გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რაც მათ შორის ითვალისწინებს სტრატეგიული დიალოგის ფორმატის მორიგი რაუნდის გადადებას და ქვეყნისთვის პროგრამული მხარდაჭერის შეჩერებას. მინისტრმა ხაზი გაუსვა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ რეგულარული შეხვედრები ახლო მომავალში განახლდება", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საგარეოს თქმით, მაკა ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება. მან ასევე ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, მის შედეგებზე და პოლიტიკურ სპეკულაციებზეც, რომელიც დღესაც გრძელდება ოპოზიციის მხრიდან. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს, რა დროსაც კიდევ ერთხელ აღინიშნა აქციების მშვიდობიანად და კანონის დაცვით წარმართვის აუცილებლობა, ქართულმა მხარემ ბრიტანულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია აქციების ფარგლებში დაფიქსირებულ კანონდარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების შესახებ.