თბილისი (GBC) – საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გოგა მელიქიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადებას საპენსიო სააგენტო აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ის კარიერას კერძო სექტორში, ცენტრალურ აზიაში გააგრძელებს.

საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობას ლევან ვერძეული შეასრულებს, რომელიც საპენსიო სააგენტოში 2020 წლიდან საინვესტიციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებს.

„საინვესტიციო საბჭო მადლობას უხდის გოგა მელიქიძეს ხუთწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის, მისი უაღრესად მნიშვნელოვანი როლისთვის, როგორც საინვესტიციო შედეგების, ისე მაღალი კომპეტენციის გუნდის ჩამოყალიბებასა და მართვაში“, - განაცხადა საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარემ ოლივიერ რუსომ.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოში გოგა მელიქიძის მუშაობის პერიოდში საპენსიო აქტივების მოცულობამ 6 მლრდ ლარს გადააჭარბა, ხოლო საინვესტიციო მოგება 1.4 მლრდ ლარს აღემატება.