თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.9%-ით (201.3 ლარით) გაიზარდა და 2 056.7 ლარი შეადგინა.

საქსტატის მტკიცებით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 976.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 0.5%-ით);
  • მშენებლობა - 3 198.2 ლარი (გაიზარდა 5.4%-ით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 186.6 ლარი (გაიზარდა 13.5%-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 062.9 ლარი (გაიზარდა 17.1%-ით).

ამასთან,  2024 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 650.6 ლარით, ხოლო კაცების - 2 451 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 191.5 ლარი (13.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 217.0 ლარი (9.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2024 წლის III კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 182.9 ლარით (9.1%) გაიზარდა და 2 190.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 065.8 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 0.2%-ით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 500.5 ლარი, გაიზარდა 16.9%-ით) სფეროებში ფიქსირდება.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 234.0 ლარით (14.8%) გაიზარდა და 1 813.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთა მთიანეთი.