თბილისი (GBC) – საქართველოს პარლამენტში ჩხუბი და ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა „ოცნების“ მიერ ე.წ. აგენტების კანონპროექტის ხელახლა ინიციირებას, რომელიც მანამდე, 2023 წლის 10 მარტს, მრავალათასიანი საპროტესტო ტალღის ფონზე უმრავლესობამ მეორე მოსმენაზე ჩააგდო. ოცნების საკანონმდებლო ინიციატივას დეპუტატები თეონა აქუბარდია, ანა ნაცვლიშვილი, ხატია დეკანოიძე და ანა წითლიძე პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურნენ და აცხადებენ, რომ ქართული დემოკრატიისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.

„რეფორმების ჯგუფის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა: „ეს არის კიდევ ერთხელ იმის მაჩვენებელი, რომ ის დროებითი მოგება, რაც ქართველმა ხალხმა შეძლო „ქართულ ოცნებასთან“, პროტესტის შედეგად ჩვენ გავაჩერეთ რუსული კანონი და მათ მოუწიათ უკან წაღება, იყო დროებითი. თავდასხმების სერია არასამთავრობოებზე, დასავლეთზე, ოპოზიციაზე და ქართულ დემოკრატიაზე იყო გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ ისინი გაბედავდნენ კიდევ ერთხელ შემოეტანათ კანონი, რომელიც ქვეყანას ართმევს შესაძლებლობას ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ გადავწყვეტთ და არა კრემლის დიქტატით და „ქართული ოცნების“ კარნახით. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ქართული დემოკრატიისთვის და საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციისთვის".

„ლელო“-ს წევრის ანა ნაცვლიშვილის მტკიცებით, „ქართულ ოცნებას“ „რუსული კანონის“ მიღება არ გამოუვა.

პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, „მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრები თავდაუზოგავი შრომით მიდის ევროპის ჩემპიონატზე, „ქართულმა ოცნებამ“ გაბედა და შემოიტანა რუსული კანონმდებლობა საქართველოს პარლამენტში“.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს ამ განცხადებას ასე უპასუხა: „ქალბატონო ხატია, ამ დარბაზს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ, არანაირ რუსულ კანონს საქართველოს პარლამენტი არ იღებს, არც არასდროს მიუღია და არც არასდროს მიიღებს. ნუ ატყუებთ ქართველ ხალხს“.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის თქმით, "საჭირო არის ბრძოლა იმისთვის, რომ პარლამენტმა „რუსული კანონი“ არ მიიღოს. თითოეული ჩვენგანის ვალია, როგორც აქამდე, ვიბრძოლოთ ბოლომდე იმისთვის, რომ ეს „რუსული კანონი“ არ მიიღოს პარლამენტმა და ჩვენ საბოლოოდ, ივანიშვილის პარტიის გარეშე შევძლოთ ევროპული ოჯახის წევრობა“, - განაცხადა წითლიძემ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში კვლავ დაინიციირებასთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძემ განაცხადა: -„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ კანონპროექტის ძირითად მოთხოვნა იქნება: „თუ უცხოური დაფინანსება 20%-ზე მეტია (მედიასაშუალებას, „ენჯეოს“) მომდევნო წლის იანვარში დეკლარაციის შევსება მოუწევს და საკუთარი ანგარიშების შეტანა, რა მიიღო და რაში დახარჯა“.

უმრავლესობის ლიდერმა, ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა განმარტონ, თუ რატომ უწოდეს აღნიშნულ კანონს „რუსული“ და ფინანსების დეკლარირება რატომ არის „რუსული საქმე“. მდინარაძის  თქმით, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.

დეპუტატის თქმით, კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე (ივნისის ბოლო პარასკევი) იქნება სამივე მოსმენით მიღებული.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაეწვია პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეგლამენტის თანახმად, 2023 წლის 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი აღნიშნულ კანონპროექტს და ჩააგდო.