თბილისი (GBC) – „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ოთხშაბათს ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ოცნებამ“ არალეგიტიმური პარლამენტის საშუალებით, "არამხოლოდ მძევლად აიყვანა საჯარო სექტორი, არამედ საჯარო სექტორისთვის რეპრესიული საკანონმდებლო ჩარჩო შექმნა". ამასთან, გახარიამ მიმართა საჯარო მოხელეებს და დასძინა, რომ დუმილი დააზიანებს მათი და ქვეყნის ინტერესებს.

„ფაქტია, რომ ქვეყანა სისტემურ პოლიტიკურ კრიზისშია მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა, შეაჩერა და მოკლა ქვეყნის ევროპული მომავალი. შემდეგ იძალადა საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებზე, რომლებიც განსხვავებულ აზრს გამოთქვამდნენ", - თქვა გახარიამ.

ყოფილი პრემიერის თქმით, საშუალო რგოლის საჯარო სექტორი დღეს სრულად იქნება დაქვემდებარებული პოლიტიკურ ნებას, ერთ ადამიანის ინტერესებს.

"საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საჯარო სექტორის საშუალო რგოლი ყოველთვის იყო ის ფუნდამენტი და ბაზა, რომელიც იბრძოდა ქვეყნის ეროვნული ინტერესების და სახელმწიფოებრიობისთვის. ვერავინ ვერასდროს გაბედა ამ ადამიანების ხელის ხლება. დღეს „ოცნებამ“ შეცვალა კანონმდებლობა, ფაქტობრივად თქვა, რომ საშუალო რგოლის საჯარო მოხელეები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მოადგილეები, სამმართველოს ხელმძღვანელები, მოადგილეები პოლიტიკური მიზანშეწონილობით იქნებიან დანიშნულები.

გარდა ამისა, მიიღო ისეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც რიგითი უბრალო მოხელის სამსახურიდან გაგდების შესაძლებლობას აძლევთ ყველანაირი საფუძვლის გარეშე, მათ შემდეგ სამართლებრივი დავის გაგრძელების საშუალება ეკრძალებათ.

მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს: მეგობრებო, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაშინ, როდესაც ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე მშვიდობიანი პროტესტით იცავს საქართველოს ევროპულ მომავალს, სამართლიანობას, გამოხატვის თავისუფლების უფლებას, თქვენი დუმილი უკვე დააზიანებს თქვენს მომავალს და ინტერესებს.

მოძალადეს რაც უფრო დიდხანს არ გავცემთ საკადრის პასუხს, კიდევ უფრო იძალადებს. დღეს თუ საჯარო სექტორმა არ თქვა თავისი ღირსეული სიტყვა სახელმწიფოს დაცვისთვის, არ გაიხსენა საჯარო მოხელის ფიცი, მაშინ ისინი თავისას გაიტანენ. ყველაფერი გასაგებია, ვინ რომელ მხარეს დგას. მინდა მოგიწოდოთ, სწორი არჩევანი გააკეთოთ, ხმა ამოიღოთ და ის შეფასება გააკეთოთ, რომელიც დღეს საქართველოს სახელმწიფოს სჭირდება, იმ ადამიანებს, ვინც ქუჩაში დგანან. ჩვენ ერთად ვიქნებით ამ ბრძოლაში და გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა გახარიამ.