თბილისი (GBC) - საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოთხშაბათს, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში მოსახლეობა მასობრივად გამოდის ქუჩაში "არა სოციალური პრობლემების გამო, არამედ როდესაც აღიქვამს თავისუფლებასთან, ევროპულობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საფრთხეს".
„საქართველოს პროტესტი ახასიათებდა მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა გრძნობდა, აღიქვამდა საფრთხეს ევროპულობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. საქართველოში არასდროს ყოფილა მასობრივი პროტესტი სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, ამის ბევრი მიზეზია, არადა, ამასთან დაკავშირებითაც სიტუაცია მაინცდამაინც დამაკმაყოფილებელი არაა, პირიქითაა. ერთადერთი შემთხვევა, როცა ადამიანები მასობრივად გავიდნენ ქუჩაში, ეს იყო მაშინ, როცა გრძნობდნენ, რომ ეს იყო ეგზისტენციალური საკითხი და ის სასწორზე იდო. დღეს ეს ხდება. ეს გახლავთ ძალიან მშვიდობიანი მოძრაობა, მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა და ორ რამეს მოითხოვს - დამიბრუნე ჩემი ხმა იმიტომ, რომ მოპარული არჩევნები ჩატარდა, დამიბრუნე მომავალი და რაც მთავარია, ჩემი ევროპული მომავალი, და ასევე, მოთხოვნა დგას ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ეს არ გახლავთ რევოლუციური მოძრაობა, თავისი არსით, იმიტომ, რომ არ არსებობს მოთხოვნა ამისა. მოთხოვნაა დავუბრუნდეთ ხელახალ არჩევნებს, მშვიდობიან გარემოში და დავინახოთ სად არის იმ ადამიანების ნება, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ და უნდათ, რომ ეს დემოკრატიულად, კენჭისყრის სახით მოხდეს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის გამოსვლის თარგმანსაც „ტვ პირველი“ ავრცელებს.
ამასთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა: „თქვენ ბოლოს როდესაც სტუმრობდით ევროპარლამენტს, განვიხილავდით თქვენი ქვეყნის პროგრესს ევროპულ ოჯახში გაწევრების გზაზე. დღეს ეს გზა საფრთხის წინაშეა.
ევროპარლამენტი გმობს ნებისმიერ რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებას“. ეს ქმედებები იწვევს ჩვენ მიერ ბოლო წლებში ერთობლივად გადადგმული წარმატებული ნაბიჯების უკუსვლას. შექმნილ ვითარებაზე საპასუხოდ ეს პალატა გამოვიდა გადამწყვეტი მოქმედებებისკენ მოწოდებით და ჩვენ ვიმეორებთ ამ მოწოდებას ახლა.
მე ვიცი, რომ საქართველოში ბევრი შიშობს საკუთარი ქვეყნის მომავლის გამო, ასევე ვიცი, რომ ვსაუბრობ მთელი ამ პალატის სახელით, როდესაც ვეუბნები ყველა ქართველს, რომელიც იყურება ევროპისკენ მხარდაჭერისთვის, რომ ისინი მარტო არ არიან – ჩვენ გხედავთ, გვესმის თქვენი და ჩვენ თქვენთან ვართ. ევროპარლამენტი მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროპისკენ თქვენს გზაზე და ჩვენი კარი ყოველთვის რჩება ღია“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.