თბილისი (GBC) – ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალან ბერსესთან ოთხშაბათს თბილისში გამართული „მეგობრული, პროდუქტიული“ შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ შეთანხმდნენ და „გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის“.
კობახიძის თქმით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოსა და ევროსაბჭოს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს.
ირაკლი კობახიძემ ევროპელ პოლიტიკოსთან მოლაპარაკების შემდეგ იმის იმედიც გამოთქვა, რომ 2025 წლიდან ევროპული ინსტიტუტები აღარ მიიღებენ „ანტიქართულ გადაწყვეტილებებს“.
ისევ ბურთი
მას შემდეგ, რაც კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველო ცალმხრივად ამბობს უარს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით (სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა საქართველოში უპრეცედენტო პროტესტი, რომელიც დღემდე მიმდინარეობს. რედ.), დღეს აცხადებს: „მოგვიწოდებენ და ნაბიჯის გადმოდგმა არ უნდათ, მათ მხარეს არის რეალურად ბურთი, გახსნან მოლაპარაკებები - ვაწერთ ხელს“.
„ნახეთ, რამხელა აბსურდში არიან შესული, მოგვიწოდებენ და ნაბიჯის გადმოდგმა არ უნდათ. მათ მხარეს არის რეალურად ბურთი, გახსნან მოლაპარაკებები - ვაწერთ ხელს. რომელ დაბრუნებაზეა საუბარი, ნახეთ რამხელა აბსურდში არიან შესული. ძალიან სამწუხაროა ეს მდგომარეობა, რომელსაც ვხედავთ ევროკავშირის სივრცეში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპელები ევროპული ღირებულებების გარეშე?
ოთხშაბათის პრეს–კონფერენციაზე კობახიძემ ევროპელებს ღირებულებები დაუწუნა და აღნიშნა, რომ სანქცირებულთა სიაში პოლიტიკოსებთან ერთად მათი ოჯახის წევრების შეყვანას არაფერი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან და სამართლებრივ პრინციპებთან.