თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეს–კონფერენციაზე ბიზნესკომპანიების განცხადებების შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ბიზნესის თავისუფლება იქნება სრულად უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში“.

მისივე თქმით, ბიზნესის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რაც ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ.

„ბიზნესის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რაც ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ. გახსოვთ, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში 2012 წლამდე. პრაქტიკულად, ბიზნესი არ დატოვეს რეკეტის გარეშე. ერთადერთი პასუხი არის ბიზნესის თავისუფლება, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ბიზნესის თავისუფლება იქნება სრულად უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა.

კობახიძის მადლობა ეროვნულ ბანკს

კობახიძემ კიდევ ერთხელ შეაქო ეროვნული ბანკი და აღნიშნა, რომ როგორც კი პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა, ლარის კურსმაც გამყარება დაიწყო.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ახერხებს არსებითი ინტერვენციების გარეშე ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ დღეების განმავლობაში უმნიშვნელო ინტერვენცია გახდა საჭირო.

„ეროვნული ბანკი ახერხებს რაიმე არსებითი ინტერვენციების გარეშეც ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ეროვნულ ბანკს ამისათვის", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Freebusiness.ge

ახალი არჩევნებისა და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების ახალ წლამდე გათავისუფლების მოთხოვნებთან მიერთება Freebusiness.ge-ზე 1 055 კომპანიას სურს. ამის შესახებ Freebusiness.ge-ის იდეის ავტორი, გიორგი ჩუგოშვილი BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუშინდელი მონაცემებით, პლატფორმაზე 464 კომპანიაა ვერიფიცირებული.

Freebusiness.ge ეს არის პლატფორმა, სადაც არსებული კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, ბიზნესები აფიქსირებენ თავის პოზიციას და უერთდებიან ორ ძირითად მოთხოვნას: ახალი არჩევნების დანიშვნას და საპროტესტო აქციებზე დაპატიმრებულთა ახალ წლამდე გათავისუფლებას.

„არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას“, – ნათქვამია თავისუფალი ბიზნესების განცხადებაში. .