თბილისი (GBC) - ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ გასცა დაპირება, რომ შეცვლიდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შინაარსს.

მისივე თქმით, კანონის ცვლილებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

„მთავრობამ, გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლიდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ შინაარსს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოსა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული და მოხდება იდენტიფიცირება იმ ცვლილებების, რომელიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში“, - განაცხადა ალენ ბერსემ.

ბერსეს თქმით, მისი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო, რომ შეხვედროდა ყველას, რადგან ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიის ქვაკუთხედი არის დიალოგი.

„საქართველოსთვის კრიტიკული დროა. საქართველო სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო დებატით, მაღალი დონის ძალადობით. მე აქ უპირველესად იმისთვის ვარ, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო საქართველოს და მის მოსახლეობას. ისინი იმსახურებენ სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას. საქართველო არის ევროპის საბჭოს სრული და ძალიან ძვირფასი წევრი უკვე 25 წლის განმავლობაში. აქ არ ვარ ჩამოსული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის - ეს სხვა კომპეტენტური ინსტიტუციების გასაკეთებელია, დაიწერება დასკვნები, რომელიც არჩევნების დაკვირვებას ეხება.

გამომდინარე იქიდან, რაც საქართველოში ხდება, ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა, აქ რომ არ ვიყო და ხალხის გვერდით რომ არ დავდგე. ჩემი ვიზიტის მთავარი ამოცანა არის ის, რომ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ შეიძლება იყოს გადაჭრილი თუ დავიცავთ ფუნდამენტურ პრინციპებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის.

მადლობა მინდა გადავუხადო, ვისაც ამ კვირის განმავლობაში შევხვდი. გულწრფელი, ღია, კონსტრუქციული დისკუსია მქონდა ყველასთან, ვინც დამთანხმდა და შემხვდა - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სახალხო დამცველის აპარატი, მთავრობა, ოპოზიცია. საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები თბილისში. ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო რომ შევხვედროდი ყველას. დიალოგი არის ქვაკუთხედი ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიის“,- განაცხადა ალენ ბერსემ.

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე 18 დეკემბერს ეწვია. ევროპის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის კონტექსტია ძლიერი დაძაბულობა, პოლიტიკური დებატების უკიდურესი პოლარიზაცია და ბოლო კვირებში მომხდარი ძალადობრივი აქტები. განცხადების მიხედვით, ვიზიტის მიზანია ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელების პირობების უზრუნველყოფა ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით.

ალენ ბერსე უკვე შეხვდა ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ბიძინა ივანიშვილს, მაკა ბოჭორიშვილს, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქციების დროს დაშავებულ ჟურნალისტებს.