თბილისი (GBC) – „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო საკმაოდ მოცულობით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ვერავინ ვერავითარი სანქციების ფასად ვერ აიძულებს, ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებით, ქართველი ხალხი საქართველოს უკრაინიზაციას არავითარი სანქციების ფასად არ დაუშვებს.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე სახელმწიფომ დააწესა ფინანსური სანქციები და სავიზო შეზღუდვები ქართველი ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ უნდა შეფასდეს როგორც ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ქართული საზოგადოების ნდობას დასავლური ინსტიტუტების მიმართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ „რაც უფრო ღრმად აქვს ფესვები გადგმული გლობალურ ომის პარტიას სხვადასხვა ქვეყანაში და რაც უფრო ძლიერია ამა თუ იმ ქვეყანაში „დიფ სთეითის“ მეტასტაზები, რომელიც გლობალური ომის პარტიის არაფორმალური გავლენის მთავარ ინსტრუმენტად გვევლინება, მით უფრო ანტიქართულია შესაბამისი ქვეყნის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ“.
„უკლებლივ ყველა კონკრეტული პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი, არის „დიფ სთეითის“ ქსელის წევრი, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესების მიხედვით, არამედ გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებს“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
მმართველ პარტიაში დამაიმედებელს უწოდებენ ამერიკის არჩეული პრეზიდენტის გუნდის განცხადებებს ამერიკულ ოფიციალურ სტრუქტურებში „დიფ სთეითის“ განადგურების შესახებ.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ „ან ამერიკა გაანადგურებს „დიფ სთეითს“ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას“. ფაქტია, რომ გასული 4 წლის განმავლობაში სწორედ „დიფ სთეითი“ ანადგურებდა არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. „დიფ სთეითმა“ შეუქმნა უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები ევროკავშირს. „დიფ სთეითმა“ ომის ქარცეცხლში გახვია მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო. ყველაზე მძიმედ კი, „დიფ სთეითის“ პატრონების გამანადგურებელი ეფექტი ჩვენს მეგობარ ქვეყანაზე - უკრაინაზე აისახა. უკრაინა, რომელსაც 2014 წლამდე ჰქონდა სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობა და თითქმის 200-მილიარდიანი ეკონომიკა, დღეს, პრაქტიკულად, განადგურებულია, რაზეც „მაიდანის“ ავტორები არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებენ“, – წერს „ოცნება“.
ოპოზიციის მიერ ახალი არჩევნების მოთხოვნით 2024 წლის შემოდგომაზე დაწყებული აქციები გაძლიერდა და სამოქალაქო პროტესტის სახე მიიღო 28 ნოემბრიდან, ზუსტად მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
42–ე დღეა, დემონსტრანტები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებასა და ახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
საპროტესტო გამოსვლები საპოლიციო ძალებმა არაერთხელ დაშალეს სპეცსაშუალებების გამოყენებით. დააკავეს 500-ზე მეტი პირი, მათგან 40-ზე მეტს სისხლისსამართლებრივი ბრალდება აქვს წაყენებული.