თბილისი (GBC) – ონლაინ გამოცემების „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ „ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძემ კლინიკა „ვივამედთან“ სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მომხდარი ტრაგედიის ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე, ჩემს ჯანმრთელობას და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა, წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში, ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა. "სინდისის პატიმრებს" მადლობა სოლიდარობისთვის, ვთხოვ მათაც შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობა ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ. არ მინდა, ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ, თქვენ ჩემს ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ", - აღნიშნულია წერილში.
მზია ამაღლობელმა, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 38-ე დღეს მიიღო. ამაღლობელმა დაკავებთანავე გამოაცხადა პროტესტის უკიდურესი ფორმა.