თბილისი (GBC) – "ქართული ოცნების” შეცვლილ პოლიტიკურ კურსს, იუსტიციის სახლის 300-ზე მეტი თანამშრომელი ემიჯნება. "იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მნიშვნელოვანი წვლილი გვაქვს შეტანილი ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში. შესაბამისად, ამ პროცესის შეჩერება ჩვენთვის მეტად მტკივნეულია", - ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის თანამშრომლები ვაცხადებთ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება სცდება პოლიტიკური გემოვნების საკითხს.

იგი ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გაცხადებულ მიზანს.

იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მნიშვნელოვანი წვლილი გვაქვს შეტანილი ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში. შესაბამისად, ამ პროცესის შეჩერება ჩვენთვის მეტად მტკივნეულია.
გვჯერა, რომ სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ერთადერთი გზა, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი!

ვემსახურებით საქართველოს და უპირობოდ ვიცავთ მის კონსტიტუციას!", - ვკითხულობთ განცხადებაში.

28 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო.

შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენეს სპეცსაშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა კვერცხები, საღებავები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს.

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან გამართულ აქციაზე 43 პირია დაკავებული.

შსს-ს ცნობით, აქციისას დაშავდა 32 სამართალდამცავი.