თბილისი (GBC) - „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) ბათუმის მერიის საგზაო შესყიდვებში სისტემური კორუფციის ნიშნებზე, ხელოვნური ოლიგოპოლიის შექმნასა და მმართველი პარტიის სასარგებლოდ მსხვილ შემოწირულებებზე მიუთითებს. ორგანიზაციის ახალ კვლევაში ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის მოქმედი დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გზამ“ 29.2-მილიონიანი ტენდერი „ქართული ოცნების“ დაფინანსებიდან პრაქტიკულად ერთ დღეში მოიგო.

კვლევის თანახმად, კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა და თავად დეპუტატმა მმართველ პარტიას სატენდერო ხელშეკრულების დადების წინა დღეებში 120 000 ლარი შეწირეს. ბოლო მსხვილი შემოწირულება 12 მარტს განხორციელდა, ხოლო მომდევნო დღეს, 13 მარტს შპს „გზამ“ შესაბამის ტენდერში კონკურენტის გარეშე გაიმარჯვა.

TI-ის შეფასებით, ბათუმის მერიამ სატენდერო პირობებში წინასწარ ჩადო „ხელოვნური ფილტრი” – ე.წ. გეოგრაფიული ბარიერი, რამაც კონკურენცია მნიშვნელოვნად შეზღუდა. კერძოდ, პრეტენდენტს ობიექტიდან 30 კილომეტრის რადიუსში უნდა ჰქონოდა ასფალტის ქარხანა ან მიწოდების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება.

„ეს პირობა თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს ნებისმიერ მსხვილ კომპანიას, რომელსაც ქარხანა ბათუმის სიახლოვეს არ აქვს... და მრავალმილიონიანი შესყიდვა პირდაპირ პარტიის შემომწირველებს მოარგო“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

საერთო ჯამში, კომპანია „გზას” 1.3 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული (ტენდერების მოგების არარეალურად მაღალი – 93%-იანი მაჩვენებლით), ხოლო მმართველი პარტიისთვის კომპანიასთან დაკავშირებულ პირებს 1 მილიონ ლარზე მეტი აქვთ შეწირული.

კვლევამ აჩვენა, რომ 2024-2026 წლებში ბათუმში გზების რეაბილიტაციის კიდევ 5 ტენდერში (ჯამურად 70 მილიონ ლარზე მეტი ღირებულებით) შეიზღუდა კონკურენცია ანალოგიური „30 კმ რადიუსის წესით“. ორგანიზაციის მონაცემებით, 2024-2026 წლებში გამოცხადებული 117 მსხვილი სამშენებლო ტენდერიდან (თითოეული 1 მილიონზე მეტი ღირებულების) მსგავსი გეოგრაფიული შეზღუდვა მხოლოდ ბათუმის მერიის ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს” ამ 5 შესყიდვაში დაფიქსირდა.

აღნიშნულ ტენდერებში სულ 3 კომპანია იღებდა მონაწილეობას და ბიუჯეტის მილიონებს როტაციით, მონაცვლეობით ინაწილებდა. სამი კომპანიიდან ორი – შპს „გზა“ და „ბონდი 2009“ „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველია, რომელთაც ჯამში 1.6 მილიონ ლარზე მეტი აქვთ პარტიის ანგარიშზე ჩარიცხული.

„ეს ფაქტები ხელოვნური ოლიგოპოლიის კლასიკური მაგალითებია. სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მრავალმილიონიან საგზაო ტენდერებს სამიოდე კომპანიისგან შემდგარი დახურული კლუბი ინაწილებს. ხელოვნური ბარიერების მეშვეობით კონკურენცია აღარ არსებობს, კლუბის წევრები კი მმართველ პარტიას სოლიდურ შემოწირულებებს ურიცხავენ“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განმარტებით, აღნიშნული შემთხვევები კარგად ორგანიზებულ, სისტემური კორუფციის ნიშნებს ატარებს, რომელიც კონკურენციას კლავს და სახელმწიფო ბიუჯეტს ვიწრო პარტიული და პირადი ინტერესებისთვის იყენებს, რის საბოლოო ფასსაც საზოგადოება იხდის. ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და პროკურატურას, აღნიშნულ ფაქტებზე ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება დაიწყონ.