თბილისი (GBC) - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლონეთს ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს.

„პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ვულოცავ. ამ მნიშვნელოვან როლში წარმატებებს გისურვებთ. საქართველოდან, ჩვენ მოუთმენლად ველით ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და განვითარების მიმართ თქვენს უწყვეტ მხარდაჭერას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

პოლონეთმა ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა უნგრეთისგან პირველ იანვარს გადაიბარა.

იგი ევროპის კავშირის საბჭოს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი ევროკავშირის გაფართოების ტემპსა და ხარისხს უზრუნველყოფს, როგორც აღმოსავლეთით, ისე სამხრეთით.

ამასთან, სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთის თავმჯდომარეობისას მიზანი თავდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ევროკავშირის ინსტრუმენტების გამოყენება იქნება.