თბილისი (GBC) - აშშ-ის კონგრესი დღეიდან „მეგობარი აქტი”-ს განხილვას დაუბრუნდება. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც კონგრესის განახლებული შემადგენლობა განიხილავს.
ჯო უილსონმა "რადიო თავისუფლების" ინტერვიუში 31 დეკემბერს განაცხადა, რომ „3 იანვარს, როდესაც ახალი კონგრესი ფიცს დადებს, „მეგობარი აქტი“ ხელახლა იქნება წარდგენილი კონგრესში, ორპარტიული მხარდაჭერით – როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამერიკის ერთგულებას და მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ.
ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც ახალი კონგრესი განიხილავს – სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ადრე, როგორიცაა ენერგეტიკა, საზღვრების უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება.
ტრამპის გუნდის ლიდერები, როგორებიც არიან [მომავალი სახელმწიფო მდივანი] მარკო რუბიო – ადამიანი, რომლის ოჯახსაც კომუნისტური კუბის დატოვება მოუხდა და ამიტომაც, პირად მაგალითზეც კარგად ესმის ტოტალიტარიზმის საშიშროება, ასევე [მომავალი ელჩი გაეროში] ელის სტეფანიკი და [მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში] მაიკ უოლცი – ეს ხალხი საქართველოს კარგად იცნობს, ისინი გულშემატკივრობენ დემოკრატიულ, თავისუფალ საქართველოს და ამ საქმეში წამყვან როლს შეასრულებენ. მათი მიზანი იქნება, რომ საქართველოს თავისუფლება და დემოკრატია პრიორიტეტად დარჩეს ამერიკისთვის”.
„მეგობარი აქტის“ ინიციატორი სწორედ რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, რომლის თანახმად, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში „რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღებაზე ან შესაძლო ამოქმედებაზე არიან პასუხისმგებელნი“. მეორე მხრივ კი, ის „საქართველოს მიერ დემოკრატიული, დასავლური კურსის გამყარების შემთხვევაში“ ქვეყანას გაძლიერებულ მხარდაჭერას – გაზრდილ ფინანსურ დახმარებას და სავიზო რეჟიმის შერბილებას ჰპირდება.
დღეს, სამ იანვარს, წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობა და სენატის წევრთა დაახლოებით მესამედი კანონმდებლის ფიცს დადებს. ორივე პალატას სულ მცირე მომდევნო ორი წლის განმავლობაში რესპუბლიკელები გააკონტროლებენ.