თბილისი (GBC) – დიდი ბრიტანეთი უკრაინაში სამხედრო ბაზებისა და თავდაცვითი ინფრასტრუქტურის განთავსების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ბრიტანეთისა და უკრაინის ასწლიანი პარტნიორობის დეკლარაციაშია ნათქვამი, რომელიც კიევში ბრიტანეთის პრემიერის ვიზიტის ფარგლებში გამოქვეყნდა. 

„დიდი ბრიტანეთი უკრაინასთან საერთო სამხედრო საჭიროებების განსაზღვრაზე იმუშავებს, ითანამშრომლებს ტექნოლოგიებისა და შესაძლებლობების სპექტრის გაფართოებაზე, რაც ერთობლივად შეგვიძლია ვაწარმოოთ. მხარეები შეისწავლიან უკრაინაში თავდაცვითი ინფრასტრუქტურის შექმნის ვარიანტებს, მათ შორის სამხედრო ბაზების, ლოგისტიკური საწყობების, სარეზერვო სამხედრო აღჭურვილობის საცავების მოწყობას. ამ ობიექტების გამოყენება შესაძლებელი იქნება თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის არსებითი სამხედრო საფრთხის შემთხვევაში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ ასწლიანი შეთანხმება საიდუმლო პუნქტებსაც მოიცავს: „არსებობს შეთანხმების დახურული ნაწილიც. ყველაფერია, რაც ჩვენ გვაძლევს მდგრადობას და განვითარების შესაძლებლობას“.

ამ მიმართულებით გააქტიურებულია საფრანგეთიც, რომელმაც ცოტა ხნის წინ სამხედრო წვრთნები ჩაატარა, უკრაინაში ჯარების შესაძლო შეყვანისთვის მოსამზადებლად. ამის შესახებ ოთხშაბათს, 15 იანვარს, გამოცემა Intelligence Online წერდა.

წვრთნები სახელწოდებით Persée საფრანგეთის ერთ–ერთ პოლიგონზე გასულ შემოდგომაზე გაიმართა და 10 დღეს გრძელდებოდა. სამხედრო სწავლებებში 3 200 სამხედრო პირი მონაწილეობდა. მანევრების ამუშავებდნენ ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის იერიშის მოგერიებას.

Intelligence Online–ის ცნობით, წვრთნების ძირითადი მიზანი უპილოტო აპარატების და რადიოელექტრონული ბრძოლის სწავლება იყო.