თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $835.4 მლნ შეადგინა, რაც 4%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.5%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.3%-ით შემცირდა და $388.5 მლნ-ს გაუტოლდა.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს შესაბამისი მაჩვენებლების განვითარების ტენდენციას 2022-2025 წლებში.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 67.7% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან:
- რუსეთი ($67.4 მლნ),
- თურქეთი ($40.5 მლნ),
- ჩინეთი ($33.8 მლნ).
2025 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი $39.7 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.2%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 29.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.5%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე, $25.4 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.5%).