თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 14.5%-ით გაიზარდა და ₾56 მლრდ შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2025 წლის I კვარტალში მისი მოცულობა ₾20.7 მილიარდით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.6%-ით მეტია:

2025 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 70.6% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 13.5% - საშუალოზე, ხოლო 15.9% კი - მცირე ბიზნესზე.

განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 48.6%, საშუალოზე - 23.1%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 28.3%.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა ₾28.8 მლრდ (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.9%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - ₾17.2 მლრდ (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.9%-ით მეტი) შეადგინა.

2025 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 771 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.9%-ით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.9% ქალი იყო, ხოლო 56.1% - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43.7% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.7% - საშუალოზე, ხოლო 35.5 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 718.9 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.2%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე ₾4 776.5 მლნ-ით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.9%-ით მეტი).

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 169.6 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 184.2 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 711.5 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 152.3 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:

  • მსხვილი ბიზნესი – ₾2 311
  • საშუალო ბიზნესი – ₾2 559.1
  • მცირე ბიზნესი – ₾1 675.8 

2025 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 35.9% მოდის ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილზეა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 32.7%-იანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 7.1%-იანი წილით, მშენებლობა - 5%-იანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4.7%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.4%-იანი წილით, ხოლო 10.2% დანარჩენ დარგებზე ნაწილდება:

2025 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა  (18.1%) და ვაჭრობა (17.1%), შემდეგ მოდის მშენებლობა (15.1%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (12.6%) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.1%), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 28%-იანი წილი უჭირავს.

2025 წლის I კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 29.1, 11.7 და 9.7 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ტრანსპორტისა და დასაწყობების (8%), მშენებლობის (7.7%), აგრეთვე  ინფორმაცია და კომუნიკაციის (6.1%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.3%) დარგის საწარმოებზეც:

ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს რეგიონების (თბილისის გარდა) მიხედვით ბრუნვასა და პროდუქციის გამოშვებას (მლნ. ლარი):

დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: 

  • თბილისი – 66%
  • აჭარის ა.რ. – 9.3%
  • იმერეთი – 6.5%
  • ქვემო ქართლი – 5.4%
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.4%
  • კახეთი - 2.7%
  • შიდა ქართლი - 2.2%
  • მცხეთა-მთიანეთი - 1.7%
  • სამცხე-ჯავახეთი - 1.4%
  • გურია - 0.9%
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.3%