თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 786.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.1%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 42.6%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4.9%-ით შემცირდა და 2 040.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს შესაბამისი მაჩვენებლების განვითარების ტენდენციას 2021-2024 წლებში.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.6% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (420.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (304.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (210.1 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 226.8 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.1%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 213.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.5%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 169.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3%).