თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 777.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 4 786.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 4.1%-ით), ხოლო იმპორტი 11 991.0 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 3.6%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში, 7 204.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.9%-ია.

2024 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 82.1% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (908 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (634.9 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (544.3 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.5% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 986.7 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 376.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 313 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 333.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 835.8 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 472.6 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 762.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 36.8%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 227.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 4.7%), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 214.5 მლნ. აშშ დოლარით (4.5%).

საქსტატის მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 340.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 19.5% შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 982.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.2%), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 462.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.9%).