თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში 239 საავადმყოფო ფუნქციონირებდა. საწოლთა ფონდი წინა წელთან შედარებით 2.5%-ით შემცირდა და 14.9 ათასი შეადგინა. საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელი 4.6 დღე იყო (2023 წელს - 5.3 დღე), ხოლო დატვირთვის მაჩვენებელი - 191.5 დღე (2023 წელს - 204.9 დღე).
2024 წელს ქვეყანაში იყო 2 288 ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულება. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვის 15.8 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2.8%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
სამედიცინო დაწესებულებებში ექიმების რიცხოვნობამ 24.1 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობამ - 21.3 ათასი.
საქსტატის 2024 წლის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, რეგისტრირებული დაავადებების (პირველად დადგენილი დიაგნოზით) რაოდენობა ყველაზე მეტად გაზრდილია შემდეგ ჯგუფებში: თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები (18%), ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული დაავადებები (15.4%), ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები (14.8%), ნერვული სისტემის დაავადებები (13.6%), სასუნთქი სისტემის დაავადებები (11.4%).
ავადობის ძირითადი ჯგუფებიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებული იყო სასუნთქი სისტემის, თვალისა და მისი დანამატების, სისხლის მიმოქცევის სისტემის, შარდ სასქესო სისტემის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები.
2024 წელს შიდსით დაავადების 615 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 3 ერთეულით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. შიდსით დაავადებულთა კუმულატიური რიცხოვნობა 10 006 ერთეულით განისაზღვრა. 2024 წელს შიდსით 131 პირი გარდაიცვალა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია აივ ინფექციის/შიდსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 2014 - 2024 წლებში.
2024 წელს, წინა წელთან შედარებით ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა 11.7%-ით ნაკლები იყო. ტუბერკულოზით დაავადებული მოსახლეობის რიცხოვნობა 9.2%-ით შემცირდა და 1 311 შეადგინა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია მოსახლეობის ავადობა ტუბერკულოზით 2014 - 2024 წლებში.
2024 წელს სასწრაფო დახმარების მეშვეობით პირველადი სამედიცინო დახმარება 1.1 მილიონ ადამიანს გაეწია, საიდანაც შემთხვევების 99% უცაბედ ავად გახდომას უკავშირდებოდა.