თბილისი (GBC) - საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის I კვარტალში $179.4 მლნ შეადგინა, რაც გასული წლის I კვარტალის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7.7%-ით ნაკლებია. საქსტატის განმარტებით, კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას 2023-2025 წლებში: 

2025 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა $62.1 მლნ შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.6%-ია. რეინვესტიციამ $150 მლნ შეადგინა და მისი წილი 83.6%-ით განისაზღვრა.

2025 წლის I კვარტალში პირველ ადგილზეა ჩეხეთი - $43 მლნ-ით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23.9%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება აშშ - $39.6 მლნ-ით (22.1%), ხოლო მესამეზე თურქეთი - $28.1 მლნ-ით (15.7%).

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 61.7%-ს შეადგენს.

2025 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების მიხედვით წარმოდგენილია დიაგრამაზე:

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში  განხორციელდა და $70.2 მლნ შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.1%-ია. მეორე ადგილს იკავებს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი - $52.3 მლნ-ით (29.2%), ხოლო მესამეზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი $27.5 მლნ-ით (15.3%).

საქსტატის მონაცემებით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 83.6% შეადგინა.

2025 წლის I კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით წარმოდგენილია დიაგრამაზე: